ქალაქ ახალციხისა და მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, დასრულებული პროექტების შესახებ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, ბოლო ერთი თვეა იშვიათად იღებს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ არჩევნებამდე დღეში რამდენიმე სმს მისდიოდათ, ბოლო დროს კი საინფორმაციო შეტყობინება მათ მობილურ ნომრებზე, სულ უფრო იშვიათად ჩნდება. მოსახლეობის ნაწილი ამ ფაქტს იმით ხსნის, რომ სმს–ები ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ დასჭირდა.
რატომ აღარ მიდის აბონენტებთან ქალაქ ახალციხის მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია – თვითმმართველობაში ამბობენ, რომ ეს წინასაარჩევნო პერიოდის რეგულაციებთან იყო დაკავშირებული. ილია ზარდიაშვილი ვარაუდობს, რომ ინფორმაციის ამ სახით გასავრცელებლად, კომპანიასთან ხელშეკრულება მომავალ წელსაც დაიდება.
მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, წინასაარჩევნო პერიოდთან არ აკავშირებენ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში. ჯილდა უჩიძე ამბობს, რომ გამგეობა მოსახლეობის ამ სახით ინფორმირებას ახლაც განაგრძობს.
ამა თუ იმ პროექტის დასრულების შესახებ ინფორმაციის ამ სახით გავრცელება, ადგილობრივმა ხელისუფლებამ არჩევნებამდე 20 დღით ადრე დაიწყო. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წამოწყება წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი იყო.
ქალაქ ახალციხის მერიამ და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, ერთწლიანი ხელშეკრულება კომპანია ,,მაგთიკომთან“ 2016 წლის დასაწყისში გააფორმეს. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ზუსტად ვერ დაგვისახელეს, რამდენ აბონენტს მიუვა მათი მოკლე ტექსტური შეტყობინება. ქალაქ ახალციხის მოკლე ტექსტური შეტყობინებები, 20 000–მდე აბონენტისთვისაა გათვალისწინებული. ოთხ სმს–ში მერია ერთ თეთრს იხდის.