იუსტიციის მინისტრმა 43-ე საზოგადოებრივი ცენტრი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოში გახსნა. საზოგადოებრივი ცენტრის მომსახურებით კუმურდოს 665 ოჯახთან ერთად მიმდებარე სოფლების − კიროვაკანის, ოკამის, გოგაშენის, აფნიის, ქარცებისა და აზმანის − 5000-მდე მცხოვრები ისარგებლებს.
კუმურდოს საზოგადოებრივი ცენტრის გახსნით ამ სოფელში არა მხოლოდ საჯარო სერვისები, არამედ „მაგთისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომსახურებაც გახდა ხელმისაწვდომი, რაც პენსიონერებს − პენსიის სოფლიდან გაუსვლელად მიღების, ახალგაზრდებს კი უკაბელო ინტერნეტით უფასოდ სარგებლობის საშუალებას მისცემთ.
კუმურდოში სოფლიდან გაუსვლელად ხელმისაწვდომი იქნება იუსტიციის სახლის ყველა სერვისი; სოფლის მეურნეობის სამინისტროს სერვისები; განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სერვისები (მაგალითად, სასკოლო ატესტატის მიღება); სოციალური სააგენტოს სერვისები; „მაგთისა“ (მათ შორის, უკაბელო ინტერნეტი ცენტრის შენობასა და მის სკვერში) და „ლიბერთი ბანკის“ (მათ თორის, პენსიის მიღება) სერვისები; ასევე, უფასო კომპიუტერის დარბაზი და ბიბლიოთეკა; შეხვედრების ოთახი, რომლის გამოყენებაც სოფლის მოსახლეობას უფასოდ შეუძლია; სკაიპის ოთახი, სწრაფი გადახდის აპარატები და სხვ.
კუმურდოს გარდა, საზოგადოებრივი ცენტრის მომსახურებით კიდევ 42 სოფლის მოსახლეობა სარგებლობს.
საქართველოს მასშტაბით მოქმედ საზოგადოებრივ ცენტრებში 200-მდე ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული და ამ დრომდე ამავე ცენტრების მეშვეობით 250 000-მდე სერვისი გაიცა.
პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.