ნინოწმინდაში მოკლული ახალგაზრდა მამაკაცის საქმეში ბრალდებულის სასამართლო პროცესზე სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს. სხდომის დაწყებამდე, ბრალდებულისა და გარდაცვლილის ახლობლებს შორის, დაპირისპირება მოხდა.
შსს–ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა გამოძიება საქართველოს სსკ–ის 126–ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
რაც შეეხება სასამართლო სხდომას, პროკურატურამ, მოსამართლეს დასაკითხად ორი მოწმე წარუდგინა. ორივე მათგანი ნინოწმინდის რაიონული პოლიციის თანამშრომლები არიან.
დღესვე სასამართლომ ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის ძალაში დატოვების შესახებ იმსჯელა. დაცვისა და ბრალდების მხარემ არმენ მარკარიანის საპატიმროში დარჩენის შუამდგომლობა დააყენეს. პროკურატურის მტკიცებით, არსებობს მიმალვისა და მოწმეებზე ზეწოლის საფრთხეები, გარდა ამისა, დანაშაული ჩადენილია სიცოცხლისთვის საშიში ქმედების ბრალდებით. მარკარიანის ადვოკატი კი ფიქრობს, რომ საპატიმროში მისი დაცვის ქვეშ მყოფის დატოვება გამართლებულია მხოლოდ ერთი მოსაზრებით, რადგან მის სიცოცხლეს, საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ, შესაძლოა, საფრთხე დაემუქროს. ადვოკატის მტკიცებით, ამაზე მეტყველებს დღევანდელი დაპირისპირებაც, გარდაცვლილისა და ბრალდებულის ახლობლებს შორის.
მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილის გადაწყვეტილებით, ბრალდებული გარკვეული სააფრთხეების არსებობის გამო საპატიმროში რჩება.
არმენ მარკარიანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108–ე მუხლით ედება, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. იგი თავისივე მეგობრის არშალუის სანოსიანის გარდაცვალების გამო სამართლდება.
დაცვის მხარის მტკიცებით, მარკარიანი თავს იცავდა და ქმედება აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ჩაიდინა.
მხარეებმა „მეცხრე არხთან“ კომენტარი არ გააკეთეს.
მომდევნო სასამართლო სხდომა 27 დეკემბერს 13:00 საათზე ჩაინიშნა.
ავტორები: თიკო კურტანიძე, ნანა ინასარიძე.