,,მტკვარიჰესის” მშენებლობაზე დასაქმებული პირები გაიფიცნენ. მუშები კომპანია ,,საქენერგო რემონტმშენის” ხელმძღვანელებისგან ხელშეკრულების გაფორმებას, მისაღებ სამუშაო პირობებსა და დაპირებულ ანაზღაურებას ითხოვენ.
მეორე დღეა, აქ დასაქმებულები დღიური ანაზღაურებიდან, გამომუშავებაზე გადავიდნენ.
საპროტესტო აქცია 60–მდე თანამშრომელმა გამართა. მუშებს ის პირებიც შეუერთდნენ, ვინც ,,მტკვარიჰესის” მშენებლობიდან გაათავისუფლეს. როგორც ისინი ამბობენ, თავდაპირველი შეთანხმებით, მუშებს აქ პროექტის დასრულებამდე – 2019 წლამდე უნდა ემუშავათ. თუმცა ერთი კვირაა, სამსახურიდან ხალხს ყოველდღიურად უშვებენ. მიზეზი გათავისუფლებულებისთვისაც უცნობია.
აქციის მონაწილეებთან დღეს არავინ მისულა. სამშენებლო კომპანია ,,საქენერგო რემონტმშენის” ოფისში ამბობენ, რომ გაფიცულ მუშებს ხელმძღვანელები დაელაპარაკებიან.
გაფიცულები აცხადებენ, რომ აქცია იქამდე არ შეწყდება, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. მუშები და კომპანიის წარმომადგენლები დღეს მხოლოდ იმაზე შეთანხმდნენ, რომ ხვალ გაფიცულები ხელმძღვანელ პირებს შეხვდებიან. ამის შემდეგ გაირკვევა, გააგრძელებენ თუ არა მუშები საპროტესტო აქციას.