“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი ნიკოლოზ ხიზაძე “ქართული ოცნების” მხარდამჭერ გიორგი ბალიაშვილს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ბრალს სდებს. ხიზაძის მტკიცებით, მუსხი-ურავლის საავტომობილო გზაზე, მათ მხარის გუბერნატორის მანქანიდან გადმოსულმა ბალიაშვილმა კამერა წაართვა.
ხიზაძის მტკიცებით, მათ მთელი დღის განმავლობაში თეთრი ფერის უცხო მანქანა დაჰყვებოდათ და მათი გადაადგილების შესახებ ინფორმაციას სავარაუდოდ “ქართულ ოცნებას” აწვდიდა.
მომხდარს ძალადობას უწოდებს “ნაციონალური მოძრაობის” ერთერთი ლიდერი. დავით დარჩიაშვილისთვის ინციდენტი მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა ფიქრობს, რომ გავლენა საარჩევნო პროცესებზე აღნიშნულ ფაქტს ექნება.
გიორგი ბალიაშვილი, ვისაც “ნაციონალური მოძრაობა” ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს “ქართული ოცნების” მხარდამჭერია. მას 2013-14 წწ -ში ქალაქ ახალციხის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტი ეკავა. მასთან დაკავშირებას მთელი საღამო ცდილობდა “მეცხრე არხი”.
რაც შეეხება სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს, იგი მომხდარს კატეგორიულად უარყოფს და “ნაციონალურ მოძრაობას” სიცრუეში სდებს ბრალს.
მუსხი–ურავლის გზაზე მომხდართან დაკავშირებით ახალციხის რაიონულმა სამმართველომ ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178–ე მუხლით დაიწყო, რაც ძარცვას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე.