“ადამიანს, რომელიც თავად უნდა იცავდეს წესრიგს და არღვევს კანონს, კანონი უმკაცრესად დასჯის” – ამ განცხადებით გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრი ბორჯომში, ჟურნალისტ გიორგი გასვიანის სავარაუდო ცემის ფაქტს.
როგორც გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, თუ დადასტურდა ჟურნალისტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, პოლიციელი, რომელმაც აღნიშნული ქმედება ჩაიდინა, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან გათავისუფლდება და მის წინააღმდეგ ყველაზე მკაცრი სანქციები იქნება გამოყენებული.
”როდესაც ის ადამიანი არღვევს კანონს, რომელიც თავად უნდა იცავდეს წესრიგს და სხვებს უნდა მოუწოდებდეს წესრიგისკენ, ამ შემთხვევაში მას კანონი უმკაცრესად დასჯის. მე მას არავითარ შემთხვევაში არ გადავეფარები. თუ თქვენ გადახედავთ ჩემს ე.წ. ბეგრაუნდს, ვერავინ მეტყვის, რომ მე ოდესმე ჩემს რომელიმე თანამშრომელს სუბიექტურად გადავეფარე და ხელი შევუწყვე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის მიჩქმალვაში”, – განაცხადა მღებრიშვილმა.
ტელეკომპანია “იბერიის” ჟურნალისტი გიორგი გასვიანი ბორჯომის პოლიციის თანამშრომელს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. როგორც ტელეწამყვანი ამბობს, ბორჯომში ყოფნისას გზაზე მანქანა მოუცურდა, რასაც შეესწრნენ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები, მათ შორის პოლიციელი მიხეილ ხუციშვილი.