დედოფლისწყარო – სიღნაღი–თბილისის ავტომაგისტრალზე მომხარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული სამხედრო მოსამსახურე, რიგითი აკოპ სამველის ძე მალხასიანი, ნინოწმინდის მკვიდრი იყო.
მას ნინოწმინდაში 24 ოქტომბერს დაკრძალავენ.
აკოპ მალხასიანი 2015 წლის ნოემბრიდან, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო სამხედრო სამსახურს გადიოდა.
მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ რომელშიც ნათქვამია, რომ უწყება სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახს და მის დაკრძალვასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს სრულად დაფარავს.
კამაზის ტიპის სამხედრო მანქანას, რომელიც 21 ოქტომბერს, კახეთის გზატკეცილზე ამოტრიალდა, 37 სამხედრო მოსამსახურე ახლდა. ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით.