ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ საკვები პროდუქტების ფასებზე გავლენა მოახდინა. ახალციხის სავაჭრო ცენტრში ამბობენ, რომ ძირითადად, იმპორტირებული პროდუქტის ღირებულება გაიზარდა. მათივე თქმით, ფასებმა დაიკლო ადგილობრივ პროდუქტზე, რადგან ბანკის სესხების გასასტუმრებლად, ფერმერები იძულებულნი არიან, სურსათი დაბალ ფასში გაყიდონ.
ლარის გაუფასურებამ პროდუქტის რეალიზაციაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. ახალციხის სავაჭრო ცენტრში ამბობენ, რომ ძირითადად, იმპორტირებული პროდუქტის ღირებულება გაიზარდა. პირველადი მოხმარების სურსათზე – შაქარზე, მარილზე და კვერცხზე ფასმა ხუთი, ათი თეთრით მოიმატა, თუმცა საგრძნობლადაა გაზრდილი ზეთისა და ფქვილის ღირებულება. იგივე მდგომარეობაა ხილსა და ბოსტნეულზე. გაზრდილია იმპორტირებული ალკოჰოლური სასმელების ფასიც.
იმპორტირებული სურსათისგან განსხვავებით, გაცილებით მძიმე მდგომარეობაა ადგილობრივ ნაწარმზე. მოვაჭრეები ამბობენ, რომ ეროვნული ვალუტის ინფლაციის გამო, ბანკის სესხების გასასტუმრებლად, ფერმერები იძულებულნი არიან, სურსათი დაბალ ფასში გაყიდონ. მოვაჭრეები ბოლო თვეების განმავლობაში კლიენტების სიმცირესაც უჩივიან. ისინი ფიქრობენ, რომ ამის მიზეზი მატერიალური პრობლემებია.
ის რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ პროდუქტის გაძვირება გამოიწვია, ამაზე ეკონომისტებიც საუბრობენ. როინ თათეშვილი ამბობს, რომ ლარის ასეთი ვარდნის ფონზე ექსპორტირებულ პროდუქციაზე ფასების ზრდა მოსალოდნელი იყო, რადგან ეს ქვეყნის ბაზარზე უარყოფითად აისახა. ეკონომისტის თქმით, პრობლემა ლარის დასტაბილურების შემდეგ დარეგულირდება. იგი იმასაც ამბობს, რომ ხელისუფლებას პრობლემის მოგვარება ჯერ კიდევ ოთხი თვის წინ შეეძლო, მაშინ როდესაც ვალუტამ ინფლაცია დაიწყო.
3 მარტის მდგომარეობით, ახალციხეში ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში, ერთი დოლარის შეძენა 2 ლარად და 10 თეთრად არის შესაძლებელი. მეპატრონეები ამბობენ, რომ ლარის კურსი ორი დღეა არ შეცვლილა. ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით ისინი წინასწარ პროგნოზებს ვერ აკეთებენ, თუმცა იმედოვნებენ, რომ ლარი მალე დასატაბილურდება.
ამ დროისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური კურსის მიხედვით, ლარი აშშ დოლარისა და ევროს მიმართ მცირედით გამყარდა. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, 3 მარტიდან 1 დოლარის შეძენა 2 ლარად 14 თეთრად იქნება შესაძლებელი.