სოფელ სხვილისში სურსათის მაღაზია გაქურდეს. პოზოიანების კუთვნილი ობიექტიდან 450 ლარამდე თანხა გაიტანეს.
მაღაზიის მეპატრონეები ქურდობის მიზეზად პოლიტიკურ მოტივებს ასახელებენ. იმის გამო, რომ ოჯახი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერია, აცხადებენ, რომ მათზე შური ამგვარად იძიეს. პოზოიანების თქმით, არჩევნებამდე მუქარა და ზეწოლა სისტემატიურად ხორციელდებოდა.
როგორც მაღაზიის მეპატრონეები ამბობენ, შენობაში უკანა მხრიდან ფანჯრის მეშვეობით შეაღწიეს.
დაზარალებულებთან იმყოფებოდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები. ვაჟა ჩიტაშვილის თქმით, დღევანდელ ქურდობას ოჯახის პოლიტიკურ შეხედულებებთან პირდაპირი კავშირი აქვს.
მმართველი ძალა, აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთეებს.
სხვილისში მომხდარ ქურდობას შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლის მეორე ნაწილით იძიებს, რაც ქურდობას გულისხმობს.