თავისუფალი დემოკრატების ლიდერის წასვლა პოლიტიკიდან გაუმართლებლად მიაჩნიათ ახალციხეში. ირაკლი ალასანიას მიერ პარტიის დატოვებას გამოკითხულთა დიდი ნაწილი უარყოფითად აფასებს.
ახალციხელების აზრით, ლიდერის მიერ გადადგული ამ ნაბიჯით პარტიამ ძლიერი ძალა დაკარგა. “მეცხრე არხის” მიერ გამოკითხული მოსახლეობის განწყობის მიუხედავად, ამომრჩევლის შედეგი განსხვავებულია. ,,თავისუფალმა დემოკრატებმა“ 2016 წლის 8ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებში ხმების მხოლოდ 4,62% მიიღეს.
ახალციხე–ადიგენის ოლქში “თავისუფალი დემოკრატების” კანდიდატი ფიქრობს, რომ ირაკლი ალასანიას წასვლა არამარტო პარტიისთვის, არამედ ქართული პოლიტიკისთვისაც მნიშვნელოვანი დანაკლისი იქნება. შალვა გოგოლაძის აზრით, მეორე ტურში სახელისუფლებო პარტიას დიდი უპირატესობა აქვს, რის გამოც ოპოზიციურ პარტიას მოგება გაუჭირდება.
ირაკლი ალასანიას გადადგომის შესახებ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ მისი ეს ნაბიჯი მხოლოდ პრორუსულ ძალებს აძლევს ხელს, რის გამოც მას ალასანიას პოლიტიკიდან წასვლა გაუმართლებლად მიაჩნია.
,,თავისუფალი დემოკრატები“–ს ლიდერმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადება 10 ოქტომბერს გააკეთა. ირაკლი ალასანია საკუთარ კანდიდატურას გორის 41–ე მაჟორიტარული ოლქის არჩევნებიდან ხსნის, სადაც მეორე ადგილი უკავია 19,38 %–ით და მეორე ტურში უწევს ბრძოლა. უკვე ყოფილი ლიდერის თქმით, პარტია მოემზადება და გააგრძელებს ბრძოლას მომავალ არჩევნებზე, მანამდე კი მათ დრო ჭირდებათ ვითარების გასაანალიზებლად.
ირაკლი ალასანიამ პარტია ”ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები” 2009 წელს დააფუძნა. 2012 წლის დასაწყისში ის კოალიცია „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა და 2014 წლამდე საქართველოს თავდაცვის მინისტრის პოსტი ეკავა.