საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ნოტარიუსები
ვანისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებშიც დაინიშნენ. ეს ის
მუნიციპალიტეტებია, სადაც წლების განმავლობაში სანოტარო ბიურო არ
მოქმედებდა და ადგილობრივ მოსახლეობას სანოტარო მომსახურების
მისაღებად მეზობელ მუნიციპალიტეტებში უწევდა წასვლა, რაც დამატებით
ხარჯთან იყო დაკავშირებული.
“2012 წლის ნოემბერში საქართველოს 14 რაიონის მოსახლეობა
ნოტარიუსის გარეშე იყო დარჩენილი. საქართველოს იუსტიციის მინისტრის
თეა წულუკიანის ინიციატივით, დაიწყო კამპანია: “გახდი შენი რაიონის
ნოტარიუსი”. რაიონების მოსახლეობის ინფორმირებასა და ნოტარიუსობის
მსურველ კანდიდატებთან აქტიური მუშაობის შედეგად, დღეს აღნიშნული 14
რაიონიდან 10 რაიონის მოსახლეობისთვის სანოტარო მომსახურება უკვე
ხელმისაწვდომია. ამასთან, ნოტარიუსები დაინიშნენ იმ ქალაქებსა და
რაიონებშიც, სადაც ნოტარიუსთა რაოდენობა საკმარისი არ იყო. მაგალითად,
ფოთში, დუშეთსა და ყვარელში 2014 წლამდე მხოლოდ ერთი სანოტარო ბიურო
მოქმედებდა, ასევე, ლაგოდეხს 2013 წლამდე ერთი ნოტარიუსი
ემსახურებოდა”, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს
განცხადებაში.
სანოტარო მომსახურების გარეშე ჯერ კიდევ დარჩენილია შემდეგი
მუნიციპალიტეტები: ონი, მესტია, ამბროლაური, ადიგენი, ასევე, ქედა,
სადაც ნოტარიუსი 2013 წელს მაისში გადადგა. იუსტიციის სამინისტროს
ინფორმაციით, ნოტარიუსობის ყველა იმ კანდიდატს, ვინც სანოტარო
საქმიანობის დაწყებას აღნიშნულმუნიციპალიტეტებში გადაწყვეტს,
მაქსიმალური ხელშეწყობა ექნებათ. ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე
ასეთი კანდიდატები გამოცდის საფასურისგან გათავისუფლდნენ, მათ ნაცვლად
თანხა საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ დაფარა. ამასთან, ნოტარიუსთა
პალატა მუნიციპალიტეტებში ახლად დანიშნულ ნოტარიუსებს სანოტარო ბიუროს
მოწყობასა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვაშიც ეხმარება.