სვირის #20 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი, ,,ქართული ოცნების“ შტაბის უფროსს, ზეწოლასა და მუქარაში ადანაშაულებს.
ნათელა ბიბილური გვიყვება, რომ კომისიის სხდომაზე მდივნად ხმათა სრული უმრავლესობით აირჩიეს. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის მდივნობა, გიორგი გვარამაძეს არ მოეწონა და ბიბილურს დაემუქრა, აღნიშნული პოზიცია მისი ნებით დაეტოვებინა. ბიბილურის უარის შემდეგ გაირკვა, რომ სხდომის ოქმში, მდივნად ეკატერინე ხალაძეა მოხსენიებული.
ბიბილური ამბობს, რომ სხდომის ოქმი და სამი განკარგულება თავად შეადგინა, თუმცა თავმჯდომარემ, ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიაში, ეკატერინე ხალაძის მიერ შევსებული ოქმი მიიტანა. მიუხედავად იმისა, რომ კომისიის მდივნად ეკატერინე ხალაძეა მითითებული, უბნის საბუთები და სეიფის გასაღები ამ დრომდე ბიბილურთან რჩება. ნათელა ბიბილურის კომისიის მდივნად, ხმათა სრული უმრავლესობით არჩევას ადასტურებს საუბნო კომისიის წევრი, ნანა შუბითიძე.
სვირში, საუბნო საარჩევნო კომისიის პირველ სხდომას, ახალციხის საოლქო კომისიის ოთხი წევრი ესწრებოდა. ოთხივე მათგანი ამბობს, რომ უბნის წევრები ნათელა ბიბილურის კანდიდატურაზე შეთანხმდნენ, თუმცა მათ სოფელი მანამდე დატოვეს, სანამ ოქმი შედგებოდა. ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიამ, საქმის წარმოება დაიწყო.
კომისიის წევრების მონაყოლი ერთმანეთს არ ემთხვევა. ერთ–ერთი მათგანი ამბობს, რომ ახალი მდივნის ასარჩევად მეორედ შეიკრიბნენ. კომისიის წევრი ნანა შუბითიძე თავმჯდომარე მეორედ შეკრებას უარყოფენ. ბუღუტი ღონღაძე ამტკიცებს, რომ ხალაძე პირველივე სხდომაზე აირჩიეს.
ახსნა–განმარტების დაწერა მოუწია კომისიის შვიდ წევრსა და თავმჯდომარეს, რომელიც განმარტავს, რომ საუბნო კომისიის სხდომა, მდივნად ეკატერინე ხალაძის არჩევით დასრულდა, თუმცა სარეგისტრაციო ჟურნალში ნათელა ბიბილური ფიგურირებს. ბუღუტი ღონღაძე ამბობს, რომ მდივნობაზე უარი ბიბლურმა თავად თქვა, თუმცა ამის დამადასტურებელი საბუთი, კომისიის თავმჯდომარეს არ აქვს.
ბუღუტი ღონღაძე არ უარყოფს, რომ სხდომის შემდეგ უბანზე ,,ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელი მივიდა. როგორც თავმჯდომარე ამბობს, გიორგი გვარამაძეს სხდომის დეტალები და არჩეული მდივნის ვინაობა აინტერესებდა. რატომ იყო გვარამაძე უბანზე მისული – ,,მე–9 არხის“ გადამღები ჯგუფი მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა გიორგი გვარამაძესთან დაკავშირებას, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა და არც ოფისში დაგვხვდა.