საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მრავალეროვნული სწავლების „AGILE SPIRIT – 2016“ დახურვის საზეიმო ცერემონიას დაესწრო.
მრავალეროვნული სწავლების „AGILE SPIRIT – 2016“ დახურვის საზეიმო ცერემონიას ორფოლოს სასროლეთზე საქართველოს პრეზიდენტი და მთავრობის პირველი პირები დაესწრნენ. სწავლების მონაწილე ქვედანაყოფებმა მოწვეული სტუმრებისთვის საჩვენებელი წვრთნები გამართეს. გამოიყენეს ჯავშანტექნიკა, საარტილერიო დანადგარები და ავიაცია.
მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი და ამერიკის საზღვაო ქვეითები ატარებენ. სწავლებაში ამერიკისა და საქართველოს გარდა, ბულგარეთის, რუმინეთის, უკრაინისა და ლატვიის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ.
„Agile Spirit 2016” სამეთაურო საშტაბო და საველე მომზადებას მოიცავს. მრავალეროვნული სამხედრო წვრთნები საქართველოში 2017 წლამდე იგეგმება. წელს სწავლება ორფოლოს პოლიგონზე 6 სექტემბერს დაიწყო და ოფიციალურად 9 სექტემბერს დასრულდა.
|