სახალხო დამცველთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრმა, სამცხე–ჯავახეთში მცხოვრები უმცირესობების პრობლემატიკასთან დაკავშირებით ახალციხეში შეხვედრა გამართა. ცენტრის წარმომადგენლები ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
დისკუსია “დემოკრატ მესხთა კავშირის” ოფისში შედგა. საუბარი შეეხო ადიგენის მუნიციპალიტეტში მუსლიმი და მართლმადიდებელი თემის უფლებების დარღვევის შემთხვევებს, სკოლებში არსებულ პრობლემებს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებსა და ქალაქებში. ასევე, განიხილეს არასამთავრობო სექტორის, პოლიტიკოსებისა და მედიის როლი ამ პრობლემების მოგვარებაში.
შეხვედრის მონაწილეების შეფასებით, დისკუსია სამცხე–ჯავახეთისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მონიტორინგსა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა.
ტოლერანტობის ცენტრმა ანალოგიური სახის შეხვედრა, ახალციხის გარდა, ახალქალაქშიც გამართა.
ავტორები: თიკო კურტანიძე, ნანა ინასარიძე.