მრავალეროვნული სწავლების „Agile Spirit 2016”-ის ფარგლებში, ორფოლოს სამხედრო სასროლეთზე ღია კარის დღე გაიმართა. ღონისძიებას სამცხე–ჯავახეთის მოსახლეობა, პირველი პირები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
სწავლების მონაწილე ქვედანაყოფებმა მოწვეული სტუმრებისთვის საჩვენებელი წვრთნები გამართეს, სადაც ჯავშანტექნიკა, საარტილერიო დანადგარები და ავიაცია გამოიყენეს.
წვრთნების დასრულების შემდეგ მოწვეული სტუმრებისთვის სამხედრო ტექნიკის გამოფენა მოეწყო. მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი და აშშ–ის საზღვაო ქვეითები ატარებენ. სწავლებაში მათ გარდა, ბულგარეთის, რუმინეთის, უკრაინისა და ლატვიის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ.
„Agile Spirit 2016” სამეთაურო საშტაბო და საველე მომზადებას მოიცავს, რომელიც ოფიციალურად 9 ოქტომბერს ორფოლოს სასროლეთზე დასრულდება.