საპარლამენტო არჩევნები, მოქალაქეთა აქტიურობის მნიშვნელობა, საარჩევნო პროცესები და კენჭისყრის დღის პროცედურები – ამ საკითხების შესახებ, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ მირაშხნის მოსახლეობასთან, საჯარო შეხვედრა გაიმართა.
ტრენერმა ადგილობრივებს დეტალურად აუხსნა, როგორ და რატომ უნდა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა.
საჯარო შეხვედრების მიზანი საზოგადოების საარჩევნო განათლების ამაღლება, არჩევნებში მოსახლეობის დაბალი აქტივობის მიზეზების წარმოჩენა, რვა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე აქტივობის გაზრდა და მოსახლეობაში იმ შეგრძნების გაჩენაა, რომ თითეულ ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მირაშხანში შეხვედრას ის ახალგაზრდებიც ესწრებოდნენ, რომლებიც არჩევნებში წელს პირველად მიიღებენ მონაწილეობას. საჯარო შეხვედრის შემდეგ, ადგილობრივებმა ხმის მიცემის პროცედურების შესახებ ვიქტორინის კითხვებს უპასუხეს. გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
პროექტს – ,,ჩვენი ქვეყანა – ჩვენი არჩევანი,“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია აფინანსებს და ის ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ხორციელდება. სამცხე–ჯავახეთის ოთხ სოფელში, ამომრჩეველთა ინფორმირებას, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაცია“ ახდეენს. პროექტის განსახორციელებლად ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით დასახლებული სოფლები შეირჩა.
საჯარო შეხვედრის ჩატარებამდე, სოფლის მკვიდრი ახალგაზრდებისგან შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის წევრებმაც მოსამზადებელი სამუშაოები ჩაატარეს. სოფელში გამოაკრეს აფიშები, მოსახლეობაში გაავრცელეს ბუკლეტები და დაარიგეს მოსაწვევები.
პროექტის განხორციელება სოფელ მირაშხნიდან დაიწყო, რომელიც ეკომიგრანტებითაა დასახლებული. მომდევნო კვირაში, მსგავსი სახის შეხვედები სამცხე–ჯავახეთის კიდევ სამ სოფელში – გოკიოში, დამალასა და ბარალეთში გაიმართება.