,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, პარტიაში არსებულ ვითარებაზე, ადგილობრივი მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
ახალციხე–ადიგენის ოლქში წარდგენილმა გოდერძი კუბლაშვილმა, ,,პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარეს მიმართა და სთხოვა, პირველ სექტემბრამდე გადაწყვიტოს, რჩება თუ არა იგი დეპუტატობის კანდიდატად.
აპირებენ თუ არა მაჟორიტარი კანდიდატის შეცვლას – ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსში“ კუბლაშვილის მიერ მიცემული ორდღიანი ვადა არ დასჭირდათ. შტაბის ხელმძღვანელმა სატელეფონო საუბარში დაგვიდასტურა, რომ ახალციხე–ადიგენის ოლქში, პარტია სხვა კანდიდატზე მსჯელობს. გოჩა თევდორაძე ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილების ერთ–ერთი მიზეზი, კუბლაშვილის მიერ, ბრიფინგებზე გაკეთებული განცხადებები და ,,ქართული ოცნების“ კანდიდატ, გიორგი კოპაძესთან ნათესაური კავშირია.
კუბლაშვილი ვარაუდობს, რომ მისი კანდიდატურით, სავარაუდოდ პარტიის გენერალური მდივანი, ირმა ინაშვილია უკმაყოფილო. სწორედ ამით ხსნის 25 აგვისტოს მის ვიზიტს ახალციხეში, რომლის შესახებაც არც იგი და არც შტაბის ხელმძღვანელი, ინფორმირებულები არ იყვნენ.
გოდერძი კუბლაშვილმა ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ მის მიერ, ბრიფინგებზე გაკეთებული განცხადებების შინაარსი, ცენტრალურ ოფისში შეთანხმებული არ ყოფილა. კუბლაშვილი ვარაუდობს, რომ ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსში“ თანხების არამიზნობრივ ხარჯვას აქვს ადგილი.