ახალციხეში, მერაბ კოსტავას ქუჩის 163 ნომერში ქარმა მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს სახურავის ნაწილი გადახადა. დაზიანებული კორპუსი ახალციხის მერიის პირველმა პირებმა მოინახულეს.
ქალაქის მერის თქმით, კორპუსის სახურავის გადახურვითი სამუშაოები 2012 წელს უხარისხოდ შესრულდა, რის შედეგსაც ქალაქის მოსახლეობა ახლა იმკის.
“ამასთან დაკავშირებით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. სამართალდამცველები გაარკვევენ ბრალეულობას, რის შემდეგაც იქნება შესაბამისი ზომები მიღებული” – აცხადებს გიორგი კოპაძე.
ქალაქის მერის თქმით, 2012 წელს პრეზიდენტის ფონდიდან დაფინანსებული სახურავები ახალციხის მასშტაბით მოწმდება, ამ დროისათვის მუშაობა დასრულებულია ასპინძის ქუჩაზე და სახურავების შესწავლას მერიის თანამშრომლები სწორედ კოსტავას ქუჩაზე გეგმავდნენ.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულია. არ არის დაზიანებული ავტომობილები. ადგილზე მუშაობა უკვე დაასრულა სამაშველო სამსახურის ჯგუფმა. მაშველებმა სავალი ნაწილი სახურავის ნარჩენებისგან გაწმიდეს.
ეგრეთწოდებული “ხუთსართულიანების” შემთხვევა, ახალციხეში სახურავის გადახდის უკვე მეხუთე შემთხვევაა.
შეგახსენებთ, რომ ახალციხეში ძლიერმა ქარმა და სეტყვამ ხეხილი და ნარგავები გაანადგურა. დაზიანებულია მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები.