სოფელ ვაჩიანში საზარელი შემთხვევის შედეგად გარდაცვლილ 37 წლის ქალსა და მის სამ შვილს დღეს, 13 ივლისს დაკრძალავენ. დაკრძალვის ცერემონიაზე სომხეთის ელჩს ელოდებიან.
დღეს, 13 ივლისს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანში სომხეთის ელჩს ელოდებიან. იური ვარდანიანი მოკულული 37 წლის ქალისა და მისი სამი შვილის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება.
გარდაცვლილი ქალის მეუღლე, რომელიც რუსეთში სამუშაოდ იმყოფებოდა, 11 ივლისს ჩამოვიდა. მას მომხდარის შესახებ სასულიერო პირებმა უამბეს.
ამ დროისათვის, დაკეტილია მკვლელობაში ბრალდებულის საცხოვრებელი სახლი. როგორც მეზობლები ჰყვებიან, ნოდარ ა.–ს ოჯახის წევრები ბაკურიანში იმყოფებიან.
სოფელში ორ ოჯახს შორის დაპირისპირებას არ გამორიცხავს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. ჰამლეტ მოვსესიანის თქმით, თვითმმართველობა, სამართალდამცველებთან ერთად, ყველაფერს აკეთებს, რომ ვაჩიანში სიმშვიდე შენარჩუნდეს.
შეგახსენებთ, რომ ვაჩიანში ქაჩოტიანების ოჯახში გარდაცვლილი ქალი და სამი შვილი მეზობლებმა 10 ივლისს იპოვეს. ოფიციალური ინფორმაციით, ნოდარ ა.–მ ქურდობის მიზნით, დედა და სამი შვილი მოკლა და ადგილზე ხანძრის გაჩენას შეეცადა.
ბრალდებული დაკავებულია. შსს–ს ცნობით, იგი დანაშაულს აღიარებს.
თიკო კურტანიძე