ახალციხის მერია რაბათის მაცხოვრებელს 44 600 ლარის ღირებულების ობიექტს აუშენებს. ქალაქის თვითმმართველობას აღნიშნული ვალდებულების შესრულება სასამართლომ დააკისრა.
რაბათის დასახლებაში კომერციული დანიშნულების ობიექტის მშენებლობისთვის ახალციხის მერია 44 600 ლარს დახარჯავს. საფინანსო სამსახურის უფროსის ლიანა ხმალაძის განმარტებით, ექვთიმე ათონელის ქუჩაზე მცხოვრებ ნანული ოქრომელიძეს მაღაზია რაბათის მშენებლობისას დაუნგრიეს. სასამართლოს გაწყვეტილებით, აღნიშნულ პიროვნებას ობიექტი ახალციხის მერიამ სამი თვის ვადაში უნდა აუშენოს და მაღაზია მეპატრონეს გადასცეს.
მშენებლობისთვის საჭირო თანხის გამოსაყოფად, ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილება შევიდა. საკითხი საკრებულოს 2015 წლის 23 დეკემბრის #49 დადგენილებაში შესატან ცვლილებებს შორის ერთ–ერთი იყო.
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა 1 ივლისს გაიმართა.