„მდგრადი განვითარების სააგენტოს“ შენახვის ხარჯებს ახალციხის მერიამ 20 000 ლარი დაუმატა. თანხის გამოყოფის გამო საკრებულომ ბიუჯეტში ცვლილება შეიტანა.
ა(ა)იპ–ი „მდგრადი განვითარების სააგენტოს“ შენახვა ქალაქ ახალციხის მერიას დამატებით, 20 000 ლარი დაუჯდება. საკრებულოს დეპუტატების წინა შეკრებაზე ხმაურით მიღებული საკითხის გაგრძელებას, დღევანდელ სხდომაზე, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისგან ისევ უკმაყოფილება მოჰყვა. ახალშექმნილი სააგენტო ამ დრომდე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 64 ათასი ლარით ფინანსდებოდა.
საკრებულოს თავმჯდომარემ დეპუტატებს ა(ა)იპ–ის ხელმძღვანელი წარუდგინა. ვარლამ ნათენაძე სხდომის წევრებს საკუთარი გამოცდილების შესახებ ესაუბრა და „მდგრადი განვითარების სააგენტოს“ სამომავლო გეგმები გააცნო.
არასამეწარმეო არაკომერციულ იურიდიული პირის ,,ქალაქ ახალციხის მერიის მდგრადი განვითარების სააგენტოს“ შექმნის საკითხი, ახალციხის საკრებულომ, მიმდინარე წლის 17 ივნისს დაამტკიცა.
წესდების მიხედვით, სააგენტო კლიმატის ცვლილებების, ენერგოეფექტურ და მდგრადი ენერგეტიკის საკითხებზე იმუშავებს. მისი ერთ–ერთი ფუნქცია, პროექტების მომზადება და მათ განსახორციელებლად, თანადაფინანსების მოძიება იქნება.
თიკო კურტანიძე