ბორჯომში, პლატოს ტერიტორიაზე, ასობით კუბურ მეტრ წიწვოვან ხეებს ჭრიან. საკურორტო ქალაქში ამბობენ, რომ ტყეს ქერქიჭამია ხოჭო – ,,ტიპოგრაფი“ შეესია, რის გამოც სანიტარული ჭრების დაწყება გახდა საჭირო. წინასწარ დანომრილი და შერჩეული ხეების მოჭრა–დასაწყობებაზე, რამდენიმე ბრიგადა, სამი კვირაა მუშაობს.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამბობენ, რომ პროცესი დაგვიანებულია. პრობლემის შესახებ, გარემოს დაცვის სამინისტროსა და ეროვნულ სატყეო სააგენტოს არაერთხელ მიმართეს. 2015 წელს, 1 300 კუბური მეტრი დაზიანებული ხე, ტყიდან მუნიციპალიტეტის გამგეობამ, თავისი ძალებით გამოიტანა, თუმცა პარაზიტი დიდ ტერიტორიას მოედო და მასთან გამკლავება ადგილობრივი თვითმმართველობის ძალებს აღემატება.
დაზიანებული ხე–ტყის მოჭრისთვის, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ, ტენდერი ოთხ კვარტალზე გამოაცხადა. ოთხივე ტენდერი, შპს ,,777“–მა მოიგო. აღნიშნული სამუშაოებისთვის სულ 122 271 ლარია გამოყოფილი. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, კომპანიას გამოყოფილ ტყეკაფებში 3 300 კუბური მეტრი საშეშე მერქნის მოჭრა, გაქერქვა და ადგილზე დასაწყობება ევალება.
სანიტარულ ჭრებს მონიტორინგს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობა უწევს. თვითმმართველობაში ამბობენ, რომ ტყეში ბუნებრივი განახლების პროცესი დაიწყებულია, თუმცა ამას ასობით წელი სჭირდება.