,,ქალაქ ახალციხის მერიის მდგრადი განვითარების სააგენტო“ – ასე ერქმევა ახალ არასამეწარმეო არაკომერციულ იურიდიულ პირს, რომელიც ახალციხის თვითმმართველობამ შექმნა. წესდების მიხედვით, სააგენტო იმუშავებს კლიმატის ცვლილებების, ენერგოეფექტურ და მდგრადი ენერგეტიკის საკითხებზე. მისი ერთ–ერთი ფუნქცია, პროექტების მომზადება და მათ განსახორციელებლად, თანადაფინანსების მოძიება იქნება.
სააგენტოს დაფუძნებას და წესდებას კენჭი საკრებულოს წევრებმა სხდომაზე უყარეს. კვალიფიციური კადრების ნაკლებობა, არასრულყოფილად შესწავლილი საკითხი და დამატებითი ხარჯი ადგილობრივი ბიუჯეტისთვის – ამ მიზეზების გამო, ოპოზიციური პარტიის დეპუტატებმა აღნიშნულს მხარი არ დაუჭირეს. საკითხის განხილვას წარმომადგენლობით ორგანოში ხმაური მოჰყვა. მალხაზ გიქოშვილმა ა(ა)იპების მუშაობის არაეფექტურობაზე ისაუბრა და ამის მაგალითად ა(ა)იპი ,,ახალციხის ტბა“ დაასახელა.
საკითხი არასრულყოფილად რომ იყო დამუშავებული, მმართველი პარტიის დეპუტატებმაც აღნიშნეს. მიუხედავად ამისა, ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ა(ა)იპ–ის შექმნას მხარი მაინც დაუჭირეს. ,,თავისუფალი დემოკრატების“ წევრი სააგენტოს იდეას მიესალმება და მის საჭიროებასაც ხედავს, თუმცა აღნიშნავს, რომ საკითხი დასახვეწია და ა(ა)იპ–ის შექმნას მხარი ამის გამო არ დაუჭირა. შალვა გოგოლაძე მიიჩნევს, რომ თვითმმართველობას, ახალი სააგენტოსთვის, პროფესიონალი კადრების მოძიება გაუჭირდება.
ახალი ა(ა)იპ–ის შექმნის საჭიროებას ვერ ხედავენ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები. მალხაზ გიქოშვილის თქმით, ,,ქალაქ ახალციხის მერიის მდგრადი განვითარების სააგენტოს“ ფუნქციების შეთავსება, ოპტიმიზაციის მეშვეობით, სხვა ა(ა)იპ–ს შეუძლია.
ახალშექმნილი სააგენტო ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 64 ათასი ლარით დაფინანსდება და მაქსიმუმ, ხუთი კაცი დასაქმდება. თვითმმართველობის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ საქართველოს არც ერთ მუნიციპალიტეტში, მსგავსი ფუნქციების მატარებელი ა(ა)იპი ჯერ არ შექმნილა.
ქალაქ ახალციხის საკრებულოს მეშვიდე რიგგარეშე სხდომაზე, დეპუტატებმა სააგენტოს შექმნის გარდა, კიდევ ერთი საკითხი განიხილეს, რომელსაც მხარი ყველა დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა. საკრებულოს განკარგულება ქალაქის ტერიტორიაზე, საარჩევნო პლაკატების განთავსებას არეგულირებს.