ახალციხეში პირველი ენერგოეფექტური ბაღი აშენდება – ადმინისტრაციულ შენობაში მწვანე ბაღის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. ბაღის მშენებლობა იაძის ქუჩის N12-ში, ე.წ. ჯაყელის ბაღის ტერიტორიაზეა დაგეგმილი. პროექტის მიხედვით, შენობა 400 ბავშვზეა გათვლილი, სადაც რამდენიმე ბაღი გაერთიანდება.
ხარჯების ეფექტურობა და დანაკარგების დაყვანა მინიმუმამდე, წყლის მენეჯმენტი, ჯანსაღი გარემო შენობაში, ენერგიების მეორადი გამოყენება და თბური ტუმბოები სისტემაში – ეს ის უპირატესობებია, რომლითაც ახალი ენერგო ეფექტური ბაღი ისარგებლებს.
ენერგოეფექტური ბაღის მშენებლობა ახალციხის თვითმმართველობამ „მერების შეთანხმების“ ფარგლებში გადაწყვიტა, რომელსაც ქალაქის მერმა ხელი 2015 წელს მოაწერა. შეთანხმება ნახშირბადის ემისიების დაზოგვას ითვალისწინებს. პროექტი მერიას რამდენიმე დღეში ჩაბარდება. მისი ღირებულება დაახლოებით 40 000 ლარია. ბაღის მშენებლობა ერთ წელიწადში უნდა დასრულდეს.
ახალციხის ენერგო ეფექტური საბავშვო ბაღის პროექტის მომზადების პროცესში საერთაშორისო არქიტექტურის აკადემიის წევრ–კორესპოდენტი, ენერგეტიკის აკადემიკოსი, უცხოელი არქიტექტორები და მაგისტრანტი სტუდენტები მონაწილეობდნენ. მსგავსი პროექტი საქართველოს მაშტაბით პირველად ხორციელდება.