ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელის ინციდენტში მონაწილე ექვს პირს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბრალი წარუდგინა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში, შუალედური არჩევნების დროს მომხდარი ინციდენტის ფაქტზე სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება 2016 წლის 22 მაისს საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
შსს–ს ინფორმაციით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2016 წლის 24 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროში ნებაყოფლობით გამოცხადდა ინცინდენტში მონაწილე ექვსი პირი, რომლებიც მოწმის სახით გამოიკითხნენ.
გამოძიების მსვლელობისას, ასევე გამოიკითხა ინციდენტის მონაწილე მეორე მხარეც. დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო და ფიზიო-ტექნიკური ექსპერტიზები.
აღნიშნულთან დაკავშირებით, 2016 წლის 1 ივნისს, ინციდენტში მონაწილე 5 პირს: გიორგი გ.-ს, კობა ტ.-ს, გიორგი გ.-ს, ნოშრევან წ.-ს და გრიგოლ ტ.-ს ბრალი წარედგინათ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო ვლადიმერ გ.-ს ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ს 239-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 22 მაისს, კორცხელის #53-ე უბანზე “ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს შორის, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. არსებული ინფორმაციით, ჩხუბში ჩართულები იყვნენ სპორტსმენებიც და გამოყენებული იყო ხელკეტები.
ინციდენტის დროს “ნაციონალური მოძრაობის” წევრები, მათ შორის ნიკა მელია, გიგა ბოკერია და თენგიზ გუნავა, ასევე, “ქართული ოცნების” მხარდამჭერები და აქტივისტები დაშავდნენ.
თიკო კურტანიძე