სამცხე–ჯავახეთს სლოვაკეთის პრეზიდენტი ანდრეი კისკა სტუმრობს. დელეგაციას ახალციხეში ქალაქის მერმა უმასპინძლა. პრეზიდენტმა ახალციხის ციხეზე სამცხე–ჯავახეთის ისტორიული მუზეუმი დაათვალიერა და გამოფენილი ექსპონატების ისტორია მოისმინა.
ანდრეი კისკას ახალციხის ციხის ქვედა ნაწილში ადგილობრივი ანსამბლები სიმღერით დახვდნენ. სლოვაკეთის პრეზიდენტმა სიმბოლურად მონაწილეობა მიიღო ჩურჩხელის ამოვლებასა და თონის პურის გამოცხობის პროცესში. მან პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და ქალაქის პირველ პირებთან ერთად მესხური ღვინოც დააგემოვნა.
ანდრეი კისკა ქვეყანას ოფიციალური ვიზიტით 29 მაისს ესტუმრა. გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის უფროსის განმარტებით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია. გიორგი აბაშიშვილის თქმით, ანდრეი კისკა სამცხე–ჯავახეთის ისტორიულ ძეგლებს გაეცნო.
ანდრეი კისკა ახალციხიდან 1 ივნისს აჭარაში გაემგზავრება, სადაც ადგილობრივ და სლოვაკ ბიზნესმენებთან ერთად ბიზნეს ფორუმი ჩატარდება. გიორგი აბაშიშვილის თქმით, ორი ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავების მხრივ, ეს ვიზიტი ნაყოფიერი იქნება.
სლოვაკეთის პრეზიდენტი საქართველოს 2 ივნისს დატოვებს.