შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში მომხდარ ჩხუბის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
უწყების ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია და ჩხუბის ფაქტზე მყისიერად მოხდა რეაგირება. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს. შსს-ს ცნობით, ამ დროისთვის დამნაშავეთა დადგენისა და დაკავების მიზნით, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
კორცხელის #53-ე უბანზე “ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. არსებული ინფორმაციით, ჩხუბში სპორტსმენებიც იყვნენ ჩართულები და გამოყენებული იყო ხელკეტები.
დაშავებულები არიან “ნაციონალური მოძრაობის” წევრები, მათ შორის ნიკა მელია, გიგა ბოკერია და თენგიზ გუნავა, ასევე, “ქართული ოცნების” მხარდამჭერები და აქტივისტები.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში, სადაც გუშინ დაპირისპირება მოხდა, “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა გაიმარჯვა.
ოფიციალური შედეგებით, “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატ ვარადებულ ლაშხიას ხმა ამომრჩეველთა 49,76 %-მა (623 ხმა) მისცა, “ქართული ოცნების” კანდიდატ ამირან ლაგვილავას კი 48,96 %-მა (613 ხმა). შესაბამისად, მმართველი პარტიის კანდიდატი “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატთან 10 ხმით დამარცხდა.
წყარო: ინტერპრესნიუსი.