მეორე დღეა მდინარეში მაშველები მამაკაცს უშედეგოდ ეძებენ. 58 წლის ზიკილიიის მკვიდრი მტკვარში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გადავარდა. ბორჯომიდან მომავალი ნივის მარკის ავტომობილის მძღოლმა სოფელ აწყურთან საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავიდა. ავტომანქანა მდინარის ნაპირზე ხეებმა შეაჩერა. შეტყობინება ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 15 მაისს საღამოს ექვსის ნახევარზე შევიდა. სამძებრო სამუშაოებში ახალციხისა და ბორჯომის ჯგუფები ჩაერთვნენ.
სამძებრო სამუშაოები აწყურიდან ბორჯომამდე მონაკვეთზე მიმდინარეობს. მამაკაცს მაშველებთან ერთად სოფლის მაცხოვრებლებიც ეძებენ.
მოსახლეობას ახალციხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ეხმარება. ზაზა მელიქიძის თქმით, გამგეობა მათ გადაადგილებას მანქანებითა და საწვავით მანამდე, უზრუნველყოფს, სანამ ძებნა შედეგს არ გამოიღებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით იძიებს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმ პირის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.