დაკარგული მამაკაცის ძებნას მაშველები მდინარეში ხვალ, 16 მაისს დილით გააგრძელებენ. ისინი 58 წლის ზიკილიის მკვიდრს დაღამებამდე აწყური – “ჩითახევი ჰესის” მონაკვეთზე უშედეგოდ ეძებდნენ.
მამაკაცი აწყურში სლესის ციხესთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას მდინარეში გადავარდა. მისი ავტომობილი კი მდინარის ნაპირზე ხეებმა შეაჩერა. შემთხვევისას ავტომანქანაში ორი მგზავრი იმყოფებოდა. დაკარგული მამაკაცის მეუღლის ამოყვანა შესაძლებელი გახდა. მას სამედიცინო დახმარება საავადმყოფოში გაეწია. ქალის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით იძიებს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმ პირის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
თიკო კურტანიძე