აწყურში, სლესის ციხესთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 58 წლამდე მამაკაცი მდინარეში გადავარდა. იგი ზიკილიის მაცხოვრებელია. მაშველები მამაკაცს ამ დრომდე ეძებენ.
ავტომობილში მჯდომი კიდევ ერთი მგზავრი – ქალბატონი, სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ამოიყვანეს. იგი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
შემთხვევა დღეს, 15 მაისს საღამოს საათებში მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და სავალი ნაწილიდან გადავიდა. მსუბუქი მარკის ავტომობილი მდინარის ნაპირზე ხეებმა შეაჩერა.
ადგილზე სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ჯგუფები მუშაობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმ პირის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
თიკო კურტანიძე