ახალციხის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების შესარჩევი კონკურსი ჩაიშალა. საკრებულოს აპარატში განაცხადი არ შევიდა.
გერბისა და დროშის შესარჩევად კონკურსი მიმდინარე წლის 1 აპრილს გამოცხადდა. მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლო, გარდა კომისიაში შემავალი პირებისა.
კონკურსანტებს საკრებულოს აპარატში ნამუშევრების წარდგენის უფლება 1 აპრილიდან 6 მაისის ჩათვლით, 18:00 საათამდე ჰქონდათ.
ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ კონკურსი ხელახლა გამოცხადდება. შესაბამის დადგენილებას კონკურსის ვადების შესახებ, საკრებულოს პირველივე სხდომაზე მიიღებენ.
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, შესული ესკიზებიდან, კომისიის მიერ შერჩული გერბისა და დროშის პროექტი შესათანხმებლად, ჰერალდიკის საბჭოს გადაეგზავნება, რომელიც შესაბამის რეკომენდაციებს გასცემს. დებულების მიხედვით, ახალციხის მუნიციპალიტეტის სიმბოლოებს საბჭოს თანხმობით საკრებულო დაამტკიცებს.
გამარჯვებული ახალციხის გამგეობისგან 1 000 ლარს მიიღებს.