ადგილობრივი ბაზრების კონტროლი და მასთან დაკავშირებული პრობლემები – ახალციხეში მცხოვრები ფერმერები და მცირე მეწარმეები რეალიზაციის პირობებზე საუბრობენ. კონტროლდება თუ არა ადგილობრივი ბაზრები, ვის მიერ და როგორ? – თემით “მეცხრე არხი” დაინტერესდა.
სოფელ მინაძეში მცხოვრები გიორგი ზედგინიძე ახალციხის ცენტრალურ ბაზარს კვირაში ორჯერ სტუმრობს და ბოსტნეულს აბარებს. ამბობს, რომ მის სათბურში მოყვანილი პროდუქტი ეკოლოგიურად უსაფრთხოა, რადგან პრეპარატებსა და ქიმიურ დანამატებს იშვიათად აძლევს. სარეველების სააწინააღმდეგო ჰერბიციდს კი საერთოდ არ იყენებს, რადგან მიაჩნია, რომ ამ პროცედურის შემდეგ ნიადაგი ზიანდება და რამდენიმე მოსავლის მოყვანა რთულდება. ამიტომ ურჩევნია ერთ ჰექტრამდე ტერიტორია სარეველებისგან ხელით გამარგლოს. შესაბამისად მოწეული პროდუქტიდან მოგებაც ბევრად მეტი რჩება. ერთ მოსავალში დაახლოებით, სამიათას ლარამდე თანხას იღებს, აქედან მისი დანახარჯი ათას ლარს არ აღემატება.
ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო პროდუქტის მიღება შხამ–ქიმიკატების გამოყენებითაც შესაძლებებლია – ირწმუნება ახალციხის სასოფლო–საკონსულტაციო სამსახურის აგროკონსულტანტი. ნუგზარ კაველიძის განმარტებით, ნებისმიერი მედიკამენტის გამოყენებისას, ფერმერმა ნორმირებისა და დოზირების დაცვა უნდა მოახდინოს. შედეგად, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი მიიღება. მისივე თქმით, მცირე ფართობებზე, ქიმიურ პრეპარატებს ნაკლებად გამოიყენებენ, თუმცა ამ გზით მიღებული პროდუქტი სასაქონლე ვიზუალის არქონის გამო, ბაზარში ნაკლებად იყიდება. რაც შეეხება ხარჯებს, პრეპარატების სწორად გამოყენების შემთხვევაში, ნაკლები დანახარჯით, ფერმერი საუკეთესო შედეგს მიაღწევს.
მომხმარებელთა უმეტესობა ადგილობრივი წარმოების პროდუქტს ენდობა. რაც შეეხება საზღვარგარეთიდან შემოტანილს, მიიჩნევენ, რომ კონტროლი საზღვარზევე უნდა გამკაცრდეს, რათა ქვეყანაში მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის შემოტანა მოხდეს. მათი ნაწილი კი ფიქრობს, რომ მყიდველმა პროდუქტი მხოლოდ ვიზუალურობის გამო არ უნდა შეიძინოს.
შპს „სავაჭრო ცენტრი – ახალციხე“ ერთ–ერთი მსხვილი ობიექტია ქალაქში, სადაც ხორცი, რძის ნაწარმი და ხილ–ბოსტნეული ერთ სივრცეში, ცალ–ცალკე სექციებში იყიდება. პროდუქტით მისი მომაგარგება, ძირითადად მიმდებარე სოფლებიდან და მეზობელი მუნიციპალიტეტებიდან ხდება. შპს „სავაჭრო ცენტრი – ახალციხე“–ს დირექტორი აცხადებს, რომ მოსახლეობისთვის უსაფრთხო პროდუქტის მიწოდება და სანიტარიულ–ჰიგიენური ნირმების დაცვა, მათთვის მთავარი პრიორიტეტია.
სავაჭრო ცენტრის ლაბორატორიის ვეტექიმი პროდუქციას, ობიექტში, შეტანამდე შემდეგ კი დახლებზე ამოწმებს. გიორგი ბალიაშვილი განმარტავს, რომ ხორცი, რძის პროდუქტები, თევზი, ხილბოსტნეული, თაფლი ვიზუალური დათვალიერებით და ორგანულ–ლეპტიკურად ყოველდღიურად მოწმდება. ხილ–ბოსტნეულის შემოწმება ხდება ნიტრატებზეც.
ადგილობრივ ბაზრებზე, შიდა კონტროლის გარდა, პერიოდულად სახელმწიფო კონტროლიც მიმდინარეობს. აღნიშნულს კი სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.
კახა სოხაძის განმარტებით საეჭვო სურსათის შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელი სურსათის ეროვნულ სააგენტოს უნდა დაუკავშირდეს. მას მიაჩნია, რომ კონტროლის ყველაზე ეფექტური სახე სამომხმარებლო კონტროლია. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის მტკიცებით, ნებისმიერი სახის შეტყობინების შემთხვევაში, ეროვნული სააგენტო, კანონმდებლობის ფარგლებში, ოპერატიულ ქმედებას განახორციელებს.