ქართული კანონმდებლობა, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად, აღიარებს ქალისა და კაცის სრულ და უპირობო თანასწორობას.
კანონმდებლობა პირდაპირ კრძალავს ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, რომლითაც ქალს ან/და კაცს ეზღუდება უფლებებით თანაბრად სარგებლობის შესაძლებლობა, თუმცა საკუთრებასთან მიმართებაში ხშირია შემთხვევები, როდესაცქალები, კაცებთან შედარებით, აშკარად არათანაბარ პირობებში ხვდებიან. მაგალითად, ქონების რეგისტრაციისას უმეტეს შემთხვევებში მესაკუთრედ მიეთითება კაცი, ხოლო ქონების გაყოფისას ან მემკვიდრეობის მიღებისას კაცი ხდება ქონების უდიდესი ნაწილის (თუ მთლიანის არა) მესაკუთრე, ქალს კი თითქმის არაფერი ერგება.
აღნიშნული, ძირითადად, განპირობებულია საზოგადოებაში გაბატონებული მანკიერი ტრადიციებითა და ადათ-წესებით. ქონებასთან მიმართებაში საზოგადოება კაცს უპირატესად მიიჩნევს და თვლის, რომ გოგო გათხოვდება, „პატრონს ჩაბარდება“ და მას ქმარი უზრუნველყოფს, ამიტომ გოგოს ქონება არ ესაჭიროება. ბიჭის შემთხვევაში კი დამოკიდებულება განსხვავებულია. ბიჭმა უნდა მოიყვანოს ცოლი და არჩინოს ის, შესაბამისად მას უფრო მეტი მატერიალური დოვლათი სჭირდება. ასეთი დისკრიმინაციული მიდგომები გადაეცემა თაობიდან თაობას, რის გამოც ქალის მიერ საკუთარი წილის მოთხოვნა აღიქმება არა როგორც საკუთრი უფლებების დაცვად, არამედ როგორც კაცის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად.
სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის), როგორც ქონებრივი უფლებების, ისე მოვალეობების ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. მამკვიდრებელს შეუძლია ანდერძში გაითვალისწინოს მომავალი ქონება, რომელიც ანდერძის შედგენისას მას არ გააჩნდა, თუმცა სამკვიდროს გახსნის მომენტისთვის ასეთი ქონება მისი საკუთრება იქნება.
სამკვიდროში არ შედის და მემკვიდრეთა შორის არ გაიყოფა საგვარეულო წიგნები (ან ჩანაწერები), ოჯახური მატიანე, სულის მოსახსენებელი და სხვა საკულტო საგნები და საფლავი. ეს საგნები მემკვიდრეს გადაეცემა საკუთრების უფლებით, დამკვიდრებული ჩვეულების მიხედვით. დოკუმენტები, რომლებიც ეხება მამკვიდრებლის პიროვნებას, მის ოჯახს ან მთელ სამკვიდროს, რჩება საერთო ქონებად.
გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) შესაძლაბელია განხორციელდეს კანონით ან ანდერძით, ან ორივე საფუძვლით.
კანონით მემკვიდრეობა გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი და ქონების განაწილება ხდება კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. ქართული კანონმდებლობის თანახმად, თუ პირი ისე გარდაიცვალა, რომ მას არ ჰქონია შედგენილი ანდერძი, მაშინ ქონება განაწილდება კანონით მემკვიდრეებს შორის, რომლებიც დაყოფილი არიან 5 ჯგუფად: პირველი რიგის მემკვიდრეები არიან გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები).
თუ პირველი რიგის მემკვიდრეებისგან არცერთი არ არის ცოცხალი, ან ყველა უარს ამბობს მემკვიდრეობის მიღებაზე, ან ყველა მათგანს ჩამორთმეული აქვს მემკვიდრეობის მიღების უფლება, მაშინ მემკვიდრეობას მიიღებენ მეორე რიგის მემკვიდრეები: გარდაცვლილის დები და ძმები.
თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზის გამო, ვერც ამ რიგის მემკვიდრეები იღებენ მემკვიდრეობას, მაშინ სამკვიდრო ქონება გადადის მესამე რიგის მემკვიდრეებზე: ბებია და პაპა, ბებიის დედ-მამა და პაპის დედ-მამა, როგორც დედის, ისე მამის მხრიდან. ბებიის დედ-მამა და პაპის დედ-მამა კანონით მემკვიდრეებად ითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ბებია და პაპა ცოცხლები აღარ არიან.
თუ ბებია-პაპა ვერ იღებს მემკვიდრეობას, მაშინ მათ ადგილს იკავებენ მეოთხე რიგის მემკვიდრეები: გარდაცვლილის ბიძები (დედის ან მამის ძმა), დეიდები და მამიდები.
და ბოლოს, მეხუთე რიგში დგანან: ბიძაშვილები, დეიდაშვილები და მამიდაშვილები, ხოლო თუ ეს უკანასკნელნი არ არიან, მაშინ მათი შვილები.
თუ არსებობს პირველი რიგის თუნდაც ერთი მემკვიდრე, რომელიც იღებს ქონებას, მაშინ შემდგომი რიგის მემკვიდრეები ვეღარ მიიღებენ წილს აღნიშნული მემკვიდრეობიდან. წინა რიგის თუნდაც ერთ-ერთი მემკვიდრის არსებობა, გამორიცხავს შემდგომი რიგის მემკვიდრეობას.
ანდერძით მემკვიდრეობა გულისხმობს სრულწლოვანი პირის უფლებას საკუთარი სიცოცხლის განმავლობაში შეადგინოს ანდერძი და განსაზღვროს მთელი მისი ქონებისან ნაწილის ბედი გარდაცვალების შემდეგ. ანდერძის შედგენის დროს, პირს აქვს სრული თავისუფლება იმასთან დაკავშირებით, თუ ვის დაუტოვებს თავის ქონებას, ანუ მემკვიდრე (მემკვიდრეები) შეიძლება იყოს არა მხოლოდ გარდაცვლილის ნათესავი, არამედ ნებისმიერი პირი, რომელიც ცოცხალი იყო მამკვიდრებლის გარდაცვალების მომენტში, ასევე პირები რომლებიც ჩაისახნენ მამკვიდრებლის სიცოცხლეში და ცოცხლები დაიბადნენ მისი გარდაცვალების შემდეგ.
ანდერძით ქონების განაწილების დროს, მოანდერძეს უფლება აქვს ანდერძით განსაზღვროს თითოეული მემკვიდრის წილი, ან მიუთითოს თუ რომელ მემკვიდრეზე კონკრეტულად რომელი ქონება გადავა. მაგალითად, ერთ შვილს დაუტოვოს სახლი, მეორეს კი ავტომობილი. თუკი ანდერძით ასეთი რამ განსაზღვრული არ არის, მაშინ ქონება თანაბრად ნაწილდება ყველა მემკვიდრეს შორის.
შესაძლოა მოანდერძემ მხოლოდ ერთი მემკვიდრის წილი განსაზღვროს, დანარჩენისა კი არა. მაგალითად, მემკვიდრეებად დასახელებულნი არიან მეუღლე და სამი შვილი, და ანდერძში მითითებულია, რომ მამკვიდრებლის საცხოვრებელი სახლი რჩება მეუღლეს, შვილების წილზე კი არაფერია ნათქვამი. ასეთ შემთხვევაში, შვილები თანაბრად მიიღებენ საცხოვრებელი სახლის გარდა არსებულ ქონებას.
არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრე არ შეიძლება იყოს პირი (უღირსი მემკვიდრე), რომელიც განზრახ ხელს უშლიდა მამკვიდრებელს მისი უკანასკნელი ნების განხორციელებაში და ამით ხელს უწყობდა თავისი, ან მისი ახლობელი პირების მოწვევას მემკვიდრეებად, ან სამკვიდროში მათი წილის გაზრდას, ანდა ჩაიდინა განზრახი დანაშაული ან სხვა ამორალური საქციელი მოანდერძის მიერ ანდერძში გამოთქმული უკანასკნელი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ.პირის უღირს მემკვიდრედ ცნობის უფლება აქვს მხოლოდ სასამართლოს.
ანდერძი უნდა შედგეს წერილობითი ფორმით. ანდერძს ადგენს და ხელს აწერს მოანდერძე. ამასთან, დასაშვებია წერილობითი ანდერძი სანოტარო ფორმით ან ფორმის გარეშე.
ანდერძის არსებობის შემთხვევაში, ქონებას იღებენ უშუალოდ ის პირები, რომლებიც მოხსენიებულნი არიან ანდერძში და კანონით მემკვიდრეობა აღარ გამოიყენება. თუმცა არის ერთი გამონაკლისი: თუ არსებობს ანდერძი, რომლის თანახმადაც, მამკვიდრებლის ქონება მთლიანად გარეშე პირზე ან პირებზე ნაწილდება, მიუხედავად ამისა, პირველი რიგის მემკვიდრეები (მამკვიდრებლის მეუღლე, შვილი და მშობლები) მაინც მიიღებენ გარკვეულ წილს ქონებიდან, რასაც სავალდებულო წილი ეწოდება. სავალდებულო წილის ოდენობა არის იმ წილის ნახევარი, რასაც მემკვიდრე მიიღებდა ანდერძი რომ არ ყოფილიყო.
მოანდერძეს ყოველთვის შეუძლია შეცვალოს ან მოშალოს ანდერძი:
თუ მემკვიდრეს მამკვიდრებელთან ერთად აქვს რაიმე ქონება საერთო საკუთრებაში, მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ, აღნიშნული მემკვიდრე სარგებლობს უპირატესი მემკვიდრეობის უფლებით იმ ქონების მემკვიდრეობაზე, რომელიც საერთო საკუთრებაში შედის. მაგალითად, თუ მამადაშვილები ფლობენ საწარმოს თანასაკუთრების უფლებით და მამა გარდაიცვლება, მაშინ შვილს, როგორც თანამესაკუთრეს, აქვს საწარმოს წილის მიღების უპირატესი უფლება.
ასევე იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი მემკვიდრე მამკვიდრებელთან ერთად ცხოვრობდა ამ უკანასკნელის საცხოვრებელ სახლში არანაკლებ 1 წლის განმავლობაში სამკვიდროს გახსნამდე, მაშინ ასეთ მემკვიდრეს აქვს უპირატესი უფლება მოითხოვოს მისი წილის შესაბამისად, საცხოვრებელი სახლის, ბინის და სხვა სადგომის, აგრეთვე,საოჯახო ნივთების გადაცემა.
სამკვიდრო ქონებას იღებს ანდერძით ან კანონით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ, ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას, ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. მემკვიდრემ ქონება უნდა მიიღოს სამკვიდროს გახსნიდან 6 თვის ვადაში.
თუ მემკვიდრეს არ სურს ქონების მიღება, მაშინ მას შეუძლია უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე. თუ მემკვიდრემ უარი თქვა ქონების მიღებაზე და იგი ერთადერთია ამ რიგის მემკვიდრეთა შორის, მაშინ სამკვიდრო ქონება გადავა მომდევნო რიგის მემკვიდრეებზე.
თუ არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არც ერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა, როდესაც ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, უმკვიდრო ქონება გადადის სახელმწიფოზე. სახელმწიფოს არა აქვს უფლება უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე, რომელიც მასზე გადავიდა.