საარჩევნო საკითხებზე, კენჭისყრის დღესა და პროცედურებზე, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ დამალის მოსახლეობამ, დეტალური ინფორმაცია პირველად მოისმინა.
ადგილობრივების თქმით, ამ საკითხზე სასაუბროდ, მათთან არავინ მისულა, ამიტომ მოსახლეობა საარჩევნო საკითხებში ინფორმაციის ნაკლებობაზე ჩივის.
სოფლის ცენტრში შეკრებილ ადგილობრივებს, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაციის“ წარმომადგენლები, საარჩევნო საკითხებზე ესაუბრნენ. შეხვედრის ბოლოს, წამახალისებელი ვიქტორინა გაიმართა. წამყვანმა, მსმენელებს კენჭისყრის დღის პროცედურებზე შეკითხვები დაუსვა, რისი საშუალებითაც გამარჯვებულები გამოვლინდნენ. მათ სიმბოლური საჩუქრები, ორგანიზაციის ლოგოთი გრავირებული სუვენირები გადაეცათ.
პროექტის მიზანი არჩევნებში მოსახლეობის დაბალი აქტივობის მიზეზების წარმოჩენა და 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა ჩართულობის გაზრდაა. ტრენერები ცდილობენ მოსახლეობამ გააცნობიეროს, რომ თითეულ ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. შეხვედრის ორგანიზატორების თქმით, მაჟორიტარული ოლქების საზღვრების შეცვლამ, მოსახლეობა დააბნია.
საჯარო შეხვედრის ჩატარებამდე სოფელ დამალაში, ადგილობრივი ახალგაზრდებისგან სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. წევრებმა შეხვედრისთვის მოსამზადებელი სამუშაოები განახორციელეს. საჯარო შეხვედრასთან დაკავშირებით გამოაკრეს აფიშები, გაავრცელეს ბუკლეტები, მოსახლეობას დაურიგეს მოსაწვევები. ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო საშუალებები – მოსაწვევები, ბუკლეტები და პლაკატები, სომხურ ენაზე დამზადდა. პროექტში მონაწილე ახალგაზრდებს სერთიფიკატები გადაეცათ.
ცესკოს მიერ დაფინანსებულ საგრანტო პროექტს „ჩვენი ქვეყანა-ჩვენი არჩევანი ერთი ხმის ხმოვანება“ არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაცია“ ახორციელებს. საჯარო შეხვედრა ასპინძის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – მირაშხანსა და დამალაში უკვე გაიმართა, მომდევნო დღეებში, საარჩევნო საკითხების შესახებ ინფორმაციას, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლების – გოკიოსა და ბარალეთის მოსახლეობა მოისმენს.