ახალციხის რაიონულ სასამართლოში ქეთევან ხმალაძისა და მასთან ერთად ბრალდებული 5 პირის სასამართლო სხდომა გაიმართა. პროცესის მსვლელობისას დარბაზი ხმალაძემ პროტესტის ნიშნად დატოვა.
ნინოწმინდაში მომხდარი მკვლელობისა და ყაჩაღური თავდასხმის საქმეზე სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ექსპერტი დავით მერაბიშვილი და სამცხე–ჯავახეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის უფროსი ელგუჯა კეღოშვილი დაიკითხნენ.
დავით მერაბიშვილმა გარდაცვლილი სონიკ სააკიანის ცხედრის გამოკვლევის დეტალები გაიხსენა და დაზიანებები აღწერა. მისი თქმით, ქალს კისრის არეში 7 ჭრილობა, ნეკნების მოტეხილობები, საფეთქლის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა. მისი გარდაცვალება კი საძილე არტერიის დაზიანების შედეგად, მწვავე ზოგადი ანემიის განვითარებამ გამოიწვია.
დავით მერაბიშვილის თქმით, მან გამოიკვლია ბრალდებულებიც და მათი ჩივილები ჩაიწერა, დეტალურად აღწერა თითოეულის სხეულზე არსებული დაზიანებები.
ქეთევან ხმალაძემ და თემურ ბერიძემ ექსპერტი ფაქტების დამალვაში დაადანაშაულეს. ხმალაძის თქმით, ის რომ ნაცემი იყო და ნეკა თითი მოტეხილი ჰქონდა, დოკუმენტში დაფიქსირებული არ არის. ასევე არ არის აღნიშნული, თემურ ბერიძის მდგომარეობაც, რომელიც ბრალდებულის თქმით, ცემის შედეგი იყო.
ექსპერტების გარდა სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ვასილ ოსიძემ დასაკითხად 7 პოლიციელი წარადგინა.
მეოთხე მოწმის დაკითხვის შემდეგ ბრალდებულმა ქეთევან ხმალაძემ პროტესტის ნიშნად სასამართლო დარბაზი დატოვა. მისი თქმით, მოწმეები ცრუობენ და არ აქვს სურვილი ტყუილებს უსმინოს.
დღესვე მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილმა სამი ბრალდებულის ადვოკატების საქმიდან მოხსნა-დარჩენის საკითხიც განიხილა. იქიდან გამომდინარე, რომ წინა სხდომაზე მზექალა ზოიძე, მერი ცინარიძე და სულიკო ხიზანიშვილი არ გამოცხადდნენ, მოსამართლის გადაწყვეტილებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფების უფლებები სახელმწიფო ადვოკატს უნდა დაეცვა. დღევანდელ სხდომას სამივე მათგანი დაესწრო. მათ გოჩა ჯეირანაშვილს სხდომის გაცდენის მიზეზები განუმარტეს და შესაბამისი დოკუმენტებიც წარუდგინეს. მოსამართლემ სულიკო ხიზანიშვილის ცნობა საპატიოდ ჩათვალა, ხოლო დანარჩენ ორს გაფრთხილება მისცა.
მომდევნო სასამართლო სხდომა 11 აგვისტოს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 13 იანვარს, ღამით, ბრალდებულები ნინოწმინდაში ერთ–ერთ ოჯახში ფულის გატაცემის მიზნით შეიჭრნენ. წინააღმდეგობის გაწევისას 78 წლის ქალს ერთ–ერთმა მათგანმა ყელის არეში დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.
პროკურატურის ინფორმაციით, თავდასხმა ტყემლანის მკვიდრის ქეთევან ხმალაძის სახლში დაიგეგმა.
გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მიმდინარეობს.
ავტორები: თიკო კურტანიძე, რამაზ ალავიძე