ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ფორმა ოჯახში ძალადობაა. ის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არსებობს და საზოგადოების ყველა ფენას მოიცავს.
ოჯახში ძალადობის ფაქტები განსაკუთრებით ხშირად გვხვდება ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში, სადაც საზოგადოების ცნობიერების დონე და ინფორმირებულობა საკუთარი უფლებების თაობაზე შედარებით დაბალია. ოჯახში ძალადობის საკითხებს საზოგადოება ძალიან ვიწრო ჭრილში უყურებს და იგი აღიქმება, როგორც ქმრის მიერ ცოლის ცემა, თუმცა ოჯახში ძალადობის ცნებას გაცილებით უფრო ფართო შინაარსი გააჩნია. კლასიკური განმარტებით ოჯახში ძალადობაარის ძალადობა ოჯახის წევრთა შორის, როდესაც ერთი წევრის (ან მეტის) მიერ ხდება ოჯახის სხვა წევრის (ან წევრთა) უფლებების დარღვევა.
საქართველოს კანონმდებლობა ოჯახის წევრის საკმაოდ ფართო წრეს გვთავაზობს. კერძოდ, ოჯახის წევრები არიან დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირები და მათი ოჯახის წევრები, მეურვე. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ჩამონათვალიდან თუ ნებისმიერი ერთი (ან რამდენიმე) წევრი ახორციელებს ძალადობას ამავე ჩამონათვალში არსებულ ნებისმიერ სხვა (ან რამდენიმე სხვა) წევრის მიმართ, აღნიშნული წარმოადგენს ოჯახში ძალადობას.
ცემა და ფიზიკური ძალადობა არ წარმოადგენს ოჯახში ძალადობის ერთადერთ ფორმას, იგი ასევე შეიძლება გამოიხატოს ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ, სექსუალურ ძალადობაში ან იძულებაში. ფიზიკური ძალადობა ეს არის ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან ისეთი ქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას. ფსიქოლოგიური ძალადობა არის შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან ადამიანის პატივისა და ღირსების შემლახავი ქმედება. ეკონომიკური ძალადობა წარმოადგენს ქმედებას, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე, თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას. სექსუალური ძალადობა – სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით. იძულება – ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ან/და საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.
ოჯახში ძალადობის შემთხვევებს ჰყავს 2 მხარე: მოძალადე, რომელიც ახირციელებს ძალადობას და მსხვერპლი, რომლის მიმართაც ხორციელდება ძალადობა.
ოჯახში ძალადობის ფაქტზე მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, დროებითი ღონისძიების სახით, შესაძლებელია გამოიცეს შემაკავებელი და დამცავი ორდერები.
შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები. დაზარალებულის (მსხვერპლის) მიერ პოლიციის გამოძახება არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეფექტური მოქმედება, ვინაიდან ოჯახში ძალადობის სპეციფიკიდან გამომდინარე, პოლიციის ადგილზე მისვლით, შესაძლებელი ხდება პრობლემის პირველადი და სწრაფი მოგვარება.ოჯახში ძალადობის ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღებისას პოლიცია ვალდებულია, დაუყოვნებლივ გამოცხადდეს შემთხვევის ადგილზე და უზრუნველყოს ძალადობის ფაქტის აღკვეთა. პოლიცია მსხვერპლს აწვდის ინფორმაციას მისი უფლებების შესახებ და საჭიროების შემთხვევაში გამოსცემს შემაკავებელ ორდერს მსხვერპლის მოთხოვნით ან გადაუდებელი აუცილებლობისას უზრუნველყოფს მსხვერპლის გადაყვანას სამედიცინო დაწესებულებაში ან თავშესაფარში, საჭიროების შემთხვევაში, გაარიდებს მოძალადეს მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილიდან და უზრუნველყოფს მსხვერპლის უსაფრთხოებას. შემაკავებელი ორდერი შესაძლებელია გამოიცეს 1 თვის ვადით.
მსხვერპლის უსაფრთხოების უზრუნველყოფის კიდევ ერთ საშუალებას წარმოადგენს სასამართლოსათვის განცხადებით მიმართვა დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნით. შემაკავებელი ორდერის მსგავსად, დამცავი ორდერით შესაძლებელია განისაზღვროს მსხვერპლის მოძალადისაგან დაცვის ზომები, მოძალადის მსხვერპლთან მიახლოების პირობები, მსხვერპლის თავშესაფარში გადაყვანის საკითხები და სხვა ისეთი გარემოებები, რომლებიც აუცილებელი მსხვერპლის უსაფრთხოებისთვის.დამცავ ორდერს სასამართლო გამოსცემს არაუმეტეს 6 თვის ვადით.
დამცავი და შემაკავებელი ორდერებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ხოლო თუ პირმა, რომელსაც დამცავი ან შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებულიმოთხოვნებისან/დავალდებულებებისშეუსრულებლობისთვის შეფარდებული აქვს ადმინისტრაციული სახდელი, კვლავ დაარღვია ეს მოთხოვნები, აღნიშნული გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
შემაკავებელი ან დამცავი ორდერის გამოცემის გზით დაზარალებულს ენიჭება მსხვერპლის სტატუსი. მსხვერპლის სტატუსის მინიჭებას, ასევე ახდენს ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელ საუწყებათაშორისო საბჭოსთან არსებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფი (შემდგომში − ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფი).
ზემოაღნიშნულ რომელიმე ორგანოსთვის მიმართვის და შესაბამისი გარემოებების არსებობის შემთხვევაში, მსხვერპლის სტატუსის მინიჭების შემდეგ, შესაძლებელია, მსხვერპლი გადამისამართებულ იქნეს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდში, სადაც მოხდება ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარება, კერძოდ, მათი თავშესაფრით, იურიდიული, ფსიქოლოგიური, სამედიცინო და/ან სხვა სახის მომსახურებით უზრუნველყოფა, მათი კანონიერი ინტერესების დაცვა და ოჯახსა და საზოგადოებაში სრული რეინტეგრაციის ხელშეწყობა.
არასრულწლოვნის (ბავშვის) მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტის გამოვლენისას მასზე რეაგირების მიზნით შესაბამისი ორგანოებისათვის მიმართვის ვალდებულება აკისრია სამედიცინო დაწესებულებას, სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებს, სოციალური მომსახურების სააგენტოს, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს და მათ უფლებამოსილ თანამშრომლებს, აგრეთვე, ბავშვთა საკითხებზე ჩართულ სხვა ნებისმიერ შესაბამის დაწესებულებებს და მათ უფლებამოსილ თანამშრომლებს. არასრულწლოვნად ითვლება პირი, რომელსაც არ შესრულებია 18 წელი.
სასამართლოსთვის მიმართვის შემთხვევაში, სასამართლო განიხილავს არასრულწლოვანთან მოძალადე მშობლის/მშობლების ურთიერთობის საკითხს. არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის კვალის არსებობისას, სასამართლოს წინაშე შეიძლება დაისვას დროებითი ღონისძიების სახით მოძალადე მშობლისაგან/მშობლებისაგან არასრულწლოვნის განცალკევების საკითხი, სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში არასრულწლოვანს 14 წლის ასაკიდან უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს თავისი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად. ამ შემთხვევაში სასამართლო ნიშნავს საპროცესო წარმომადგენელს და განიხილავს საქმეს. არასრულწლოვან მოსარჩელეს უფლება აქვს, არ დაეთანხმოს თავის საპროცესო წარმომადგენელს და თვითონ დაიცვას თავი. სასამართლო ვალდებულია, ასეთ საქმეში ჩააბას მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო.
არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ მიერ განხორციელებული შეხვედრების შედეგად გამოვლინდა სამცხე ჯავახეთის (ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა) და ქვემო ქართლის (წალკა, თეთრიწყარო) რეგიონში არსებული ზოგადი მდგომარეობა. როგორც მოსახლეობა აღნიშნავდა, სამწუხაროდ მათ რეგიონში ხშირად ხდება ოჯახში ძალადობის შემთხვევები, თუმცა რეაგირება, როგორც საზოგადოების, ასევე, პოლიციის და სასამართლოს მხრიდან არ არის სათანადო და ჯეროვანი. აღნიშნული განპირობებულია საზოგადოების ცნობიერების დაბალი დონით. კერძოდ, მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არ აქვს ზოგადი ინფორმაცია ოჯახში ძალადობის შესახებ და არ იცის კონკრეტულად რა უნდა მოიმოქმედოს ასეთ შემთხვევაში. ასევე, ადგილობრივი მენტალიტეტიდან გამომდინარე ოჯახში ძალადობის ფაქტები მიიჩნევა „ოჯახის საქმედ“ და საზოგადოება ერიდება ჩარევას. მეორეს მხრივ საზოგადოებაში არის უნდობლობა სამართალდამცავი ორგანოების მიმართ, კერძოდ, როდესაც ხდება პოლიციის გამოძახება, ხშირად პოლიცია არ მოქმედებს მათი ვალდებულებების შესაბამისად, გულგრილია ამ შემთხვევების მიმართ და მსხვერპლის დაცვის ნაცვლად, პოლიცია ცდილობს არ ჩაერიოს კონფლიქტში და უკეთეს შემთხვევაში მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით იფარგლება. ასევე, ოჯახში ძალადობის საქმეების განხილვისას, მოძალადის მიმართ საკმაოდ ლმობიერი დამოკიდებულებით გამოირჩევა სასამართლო. იყო შემთხვევა, როდესაც ოჯახში ძალადობის ბრალდებით ნასამართლევმა პირმა, კვლავ განახორციელა ოჯახში ძალადობა, თუმცა სასამართლომ საბოლოო სასჯელის სახით მას 1-წლიანი პირობითი მსჯავრი დააკისრა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე ორგანოების და დაწესებულებების თანამშრომელთა ცნობიერების დონის და მგრძნობელობის ამაღლება ისეთი სენსიტიური თემის მიმართ, როგორიც არის ოჯახში ძალადობა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ აქტიურად აგრძელებს ცნობიერების ამაღლების ტრენინგებს ამ მიმართულებით. ორგანიზაციის მიერ ჩატარებულიტრენინგები არ არის განკუთვნილი რომელიმე კონკრეტული ფოკუს ჯგუფისათვისდა მასზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.
სტატია მომზადებულია ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ მიერ პროექტის „ქალთა, განსაკუთრებით კი ეთნიკურ უმცირესობათა ჯგუფს მიკუთვნებულ ქალთა გაძლიერება და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა“ ფარგლებში.
სტატიის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია კონსტიტუციის 42-ე მუხლი. ის შესაძლოა არ ასახავდეს USAID-ის, აშშ-ის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის შეხედულებებს.