მზად ვართ იმისთვის, რომ რევანში ავიღოთ... - სომხეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი
23 მარტს, ერთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრები სომხეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს. შეხვედრის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს მეტოქე გუნდის მწვრთნელმა ჯონ ვან ტ'სხიპმა უპასუხა:
„რაც გუნდი ჩავიბარე, მხოლოდ სამჯერ ვივარჯიშეთ. ვიცი როგორ გვსურს თამაში, მაგრამ ამას დიდი დრო
სჭირდება, რასაც საქართველოს ნაკრებმა მიაღწია. მზად ვართ იმისთვის, რომ რევანში ავიღოთ. გამარჯვება ერევანშიც შეგვეძლო, მაგრამ სამი სერიოზული შეცდომა დავუშვით. საქართველოს ნაკრები ახლა განვითარების სულ სხვა ეტაპზე იმყოფება და ჩვენი მიზანია, ამას მივაღწიოთ.
ზოგადად, გუნდში ცუდი გარემო არაა. დიდი ანგარიშით წაგება სასიამოვნო არაა, მაგრამ თამაშის მომზადების პროცესში არანაირი პრობლემა არ ყოფილა. ის ინციდენტი, რაც მოხდა, მოულოდნელი იყო. ფეხბურთელმა აუცილებლად თამაში მოითხოვა, თორემ ნაკრებიდან წავიდოდა, ეს მიუღებელია".
საქართველოს ნაკრები დღეს „დინამო არენაზე“ სომხეთის ნაკრებს უმასპინძლებს. შეხვედრა 18:00 საათზეა დაგეგმილი.
ერთა ლიგის პლეი ოფის საპასუხო მატჩში, ეროვნული ნაკრების კარს კვლავ გიორგი მამარდაშვილი დაიცავს. გუნდის შემადგენლობაში იქნება გურამ კაშიაც. მოედანზე ვიხილავთ ხვიჩა კვარაცხელიას, რომელმაც მეტოქესთან წინა თამაში გამოტოვა.
პლეი ოფის პირველ მატჩში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მეტოქე საკუთარ მოედანზე 3:0 დაამარცხა. ანგარიში გიორგი ქოჩორაშვილმა გახსნა. ოთხ წუთში კი მეტოქის კარი გიორგი მიქაუტაძემ აიღო. მანვე გაიტანა მატჩის ბოლო გოლიც. მოგების შემდეგ, საქართველომ ერთა ლიგის B ლიგაში თამაში გაინაღდა.
საქართველო-სომხეთის მატჩის მთავარი მსაჯი ინგლისელი, ენტონი ტეილორი იქნება.