სიახლეები
მართლმადიდებელი ეკლესია დიდი მარხვისთვის ემზადება
დიდ მარხვას, წინ უძღვის მოსამზადებელი პერიოდი, რომელიც მეზვერისა და ფარისევლის კვირით იწყება.

ეს შვიდეული მსგეფსი გახლავთ - ოთხშაბათი და პარასკევი ხსნილია. ამ კვირის ღვთისმსახურების დედააზრი საღვთო წერილში მეზვერისა და ფარისევლის იგავითაა გადმოცემული. ტაძარში ორი კაცი შევიდა სალოცავად, ერთი - ფარისეველი, მეორე - მეზვერე. ფარისეველი ასე ლოცულობდა გულში: "გმადლობ, ღმერთო, რადგან არა ვარ სხვებივით მტაცებელი, უსამართლო და მემრუშე და არც ამ მეზვერეს ვგავარ; კვირაში ორჯერ ვმარხულობ და ვიხდი მეათედს იმისა, რასაც ვიხვეჭ". მოშორებით მდგარი მეზვერე კი იმასაც ვერ ბედავდა, თვალნი ზეცად აღეპყრო; არამედ მჯიღს იცემდა მკერდში და ამბობდა: "ღმერთო, მილხინე მე ცოდვილს!" "ის უფრო გამართლებული დაბრუნდა შინ, ვიდრე ფარისეველი, - რადგან ყველა, ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, და ვინც დაიმდაბლებს თავს, ამაღლდება" (ლუკ. 18:10). ფარისეველი გარეგნულად მორწმუნე იყო, აღასრულებდა ყველაფერს, რასაც მოსეს რჯული მოითხოვდა, მეტიც - კვირაში ორჯერ მარხულობდა და არა ერთხელ, როგორც რჯულით იყო დადგენილი, მაგრამ მეზვერე აღემატა მას უფლის წინაშე, ვინაიდან ის წუხდა და განიცდიდა თავის უღირსებას, ფარისეველს კი სინანული და სიმდაბლე არ გააჩნდა.

მეზვერისა და ფარისევლის კვირას უძღების შვილის შვიდეული მოსდევს. ამ კვირაში ეკლესია მეორე სახარებისეულ იგავს იხსენებს: "ერთ კაცს ორი ძე ჰყავდა. და უთხრა უმცროსმა მამას: "მამა, მომეცი, რაც მერგება სამკვიდრებლიდან". გაუყო მათ მამამ თავისი ქონება... შეკრიბა უმცროსმა ყველაფერი, შორეულ მხარეს გაემგზავრა და იქ მთელი ავლადიდება გაფლანგა, ვინაიდან თავშეუკავებლად ცხოვრობდა. როცა ყველაფერი შემოეხარჯა, დიდი შიმშილობა ჩამოვარდა იმ ქვეყანაში, და ნატრობდა, ნეტავი, ღორის სალაფავით მაინც ამომავსებინა მუცელიო, მაგრამ ვინ აღირსებდა... გონს რომ მოეგო, თქვა: "მამაჩემის მოჯამაგირეებს თავზე საყრელად აქვთ პური, მე კი აქ შიმშილით ვკვდები. ავდგები, მივალ მამაჩემთან და ვეტყვი: "მამა, ვცოდე ცის მიმართ და შენს წინაშე, აღარა ვარ ღირსი, შენი ძე მერქვას, მაგრამ მოჯამაგირედ მაინც დამიყენეო". ადგა და მამისკენ გასწია. ჯერ კიდევ შორს იყო, როცა მამამ დაინახა და შეებრალა იგი; გამოიქცა, კისერზე მოეჭდო და ჰკოცნიდა მას. და უთხრა ძემ: "მამა, ვცოდე ცის მიმართ და შენს წინაშე და აღარა ვარ ღირსი, შენი ძე მერქვას". მამამ კი თავის მონებს უბრძანა: "მოიტანეთ სამოსელი პირველი და შემოსეთ იგი, გაუკეთეთ ბეჭედი და ხამლი ჩააცვით; დაკალით ნასუქი ხბო, ვჭამოთ და ვიმხიარულოთ, რადგან ჩემი ძე მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა". და იწყეს მხიარულება.

ხოლო უფროსი ძე ყანაში იყო. შინ მიმავალი სახლს რომ მიუახლოვდა, სიმღერა და ფერხულის ხმა შემოესმა. მოუხმო ერთ მონას და ჰკითხა: "რა ამბავია?" "შენი ძმა მოვიდა და მამაშენმა ნასუქი ხბო დაკლა, ძე საღ-სალამათი დამიბრუნდაო", - მიუგო მან. უფროსი ძმა გაბრაზდა და შინ შესვლა არ ისურვა. გამოვიდა მამამისი და იხმო იგი, მაგრამ მან უთხრა: "რამდენი ხანია გემსახურები და ამ ხნის მანძილზე ერთხელაც არ გადავსულვარ შენს მცნებას, შენ კი ერთი თიკანიც არ მოგიცია, რომ მეგობრებთან ერთად მომელხინა. სამაგიეროდ, მოვიდა თუ არა შენი ძე, რომელმაც მთელი ქონება მეძავებს გადააგო, ხელად კვებული ხბო დაუკალი!" მამამ კი მიუგო: "შვილო, შენ ყოველთვის ჩემთან ხარ და ყველაფერი, რაც გამაჩნია, შენია. ამჯერად სიხარული და მხიარულება გვმართებს, ვინაიდან შენი ძმა მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა" (ლუკ. 15:11-32).

იგავის განმარტებით, ეკლესიის გარეთ მყოფთა მამის წიაღში - ეკლესიაში - დაბრუნება უდიდესი სიხარულია. ეკლესიის წიაღში დასაბრუნებლად კი აუცილებელია სინანულის ისეთი განცდა, როგორიც უძღებ შვილს ჰქონდა.

ამ იგავის მაგალითზე, ყველას, ვისაც სწყურია, ღვთაებრივი სიყვარულის თანაზიარი გახდეს, საშუალება ეძლევა, გამოიჩინოს სიმდაბლე, გულისხმიერება და შეუერთდეს დედაეკლესიას, რომელიც, მზრუნველი მშობელივით, ცოდვათა მიმტევებელი, მკურნალი და სალბუნია ყველა ჩვენი სულიერი და ფიზიკური ტკივილისა.

უძღები შვილის კვირაში მარხვისთვის მზადება იწყება. სუფრა შედარებით ღარიბია. ოთხშაბათსა და პარასკევს კვლავ მარხვას ვინახავთ. ეს უკანასკნელი შვიდეულია დიდი მარხვის წინ, როდესაც ხორცის მიღება შეიძლება.

მომდევნო შვიდეულს ყველიერის კვირა ეწოდება. ამ შვიდეულის ოთხშაბათსა და პარასკევს მორწმუნენი კითხულობენ ეფრემ ასურის ლოცვას: "უფალო და მეუფეო". ყველიერის კვირიაკეს, იმავე "მიტევების დღეს", დილით, წირვაზე, ბიბლიის საკითხავები შეგვახსენებს ადამის სამოთხიდან განდევნის ისტორიას და იმ მიზეზებს, რომელთა გამოც იგი სამოთხიდან გამოაძევეს. შეგვახსენებს იმასაც, რომ კაცობრიობას მუდმივი ღვაწლი სჭირდება, რათა ხელახლა მოიპოვოს დაკარგული სამოთხე. ამის შემდეგ, მწუხრის ლოცვაზე, საზეიმო სამოსელს შავი სამოსით ცვლიან, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ იწყება ორმოცდღიანი მარხვა.

ლოცვის დასასრულს სასულიერო პირნი და მღვდელმთავრები მრევლისგან შენდობას გამოითხოვენ იმ ნებსითი თუ უნებლიე ცოდვების გამო, მათ მოღვაწეობას რომ ახლდა თან, მრევლი კი, თავის მხრივ, სასულიერო პირებისგან ითხოვს შენდობას. ამ დღეს ყოველი ქრისტიანი ვალდებულია, ყველას მიუტევოს, განსაკუთრებით კი მათ, ვისგანაც რაიმე წყენა ახსოვს. ეს ტრადიცია ადამიანთა შორის სიყვარულისა და ბედნიერების დამკვიდრებას ემსახურება - მიტევების უნარი ხომ უდიდესი სათნოებაა ამქვეყნად.

ურთიერთმიტევების შემდეგ ქრისტიანები შეუდგებიან მარხვას, რომელიც ჩვენს სულიერ და ფიზიკურ შესაძლებლობებს უნდა შეესაბამებოდეს. თვითნებური მარხვა დაუშვებელია. ქრისტიანული სწავლებით, სარწმუნოებრივ საკითხებში გულგრილობაც და გადამეტებული სიმკაცრეც შეცდომაა. ყოველმა ჩვენგანმა უნდა მიაგნოს ზომიერების იმ გზას, ქრისტიანობა რომ გულისხმობს.
Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.