ვაჩიანში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, ახალი დეტალები ვრცელდება. სააგენტო “JNEWS “–ის ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული სამი პიროვნება დააკავეს.

დედისა და სამი შვილის მკვლელობაში ბრალდებული სამი პიროვნება დააკავეს, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “JNEWS “–ი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საზარელი მკვლელობა ვაჩიანში იმავე სოფლის სამმა ახალგაზრდამ ჩაიდინა. მათი წყარო იუწყება, რომ ერთ–ერთმა ეჭვმიტანილმა დანაშაული აღიარა.
10 ივლისს, ღამით ოჯახში ახალგაზრდები ფულის მოსაპარად შევიდნენ. თანხა ხაბაროვსკში წასულმა ოჯახის უფროსმა ცოტა ხნით ადრე გამოგზავნა. მძარცველებმა სახლში ჩამტვრეული ფანჯრიდან შეაღწიეს. დიასახლისმა ისინი დაინახა და იცნო. დამნაშავეებმა მას თავში არმატურა ჩაარტყეს, რის შემდეგაც მოკლეს მისი ორი ქალიშვილი. კვალის დაფარვის მიზნით, დამნაშავეები ხანძრის გაჩენას შეეცადნენ, თუმცა სახლი ნაწილობრივ დაიწვა. 5 წლის ბიჭი, რომელსაც ეძინა, ხანძრის შედეგად გამოწვეული კვამლით გაიგუდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ბრალდებულების დაკავების ფაქტს არ ადასტურებს.
“მე–9 არხი” ამოწმებს ამ ინფორმაციას და ყველა ახალ დეტალს მოგაწვდით.
|