გაზაფხულზე უკრაინა მიიღებს MAMBA-ს სისტემებს, რომლებსაც ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდება შეუძლიათ
საფრანგეთი და იტალია გაზაფხულზე უკრაინას გადასცემენ MAMBA-ს სისტემებს, რომლებსაც ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდება შეუძლიათ. ამის შესახებ Twitter-ზე საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი სებასტიენ ლეკორნუ წერს.
„იტალიელ კოლეგასთან, გვიდო კროზეტოსთან ერთად გადავწყვიტეთ, 2023 წლის გაზაფხულზე უკრაინას SAMP/T-MAMBA-ს ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები გადავცეთ. ეს სისტემა დაიცავს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და მოსახლეობას რუსეთის თავდასხმებისგან, რასაც ჩვენ უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსეი რეზნიკოვი გვთხოვდა“, - წერს საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი.
MAMBA ამერიკული Patriot-ის ეკვივალენტია, რომელიც ფრანგულ-იტალიურმა კონსორციუმმა შექმნა. MAMBA-ს სისტემას ერთდროულად 10 რაკეტის ჩამოგდება შეუძლია და ის ევროპული წარმოების ერთადერთი სისტემაა, რომელსაც ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდება შეუძლია.