ჩინეთი მზადაა, ვლადიმერ პუტინთან ერთად საერთაშორისო წესრიგის დასაცავად იმუშაოს - ჩინეთის ლიდერი
ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა, რომელიც დღეს რუსეთს სამდღიანი ვიზიტით ეწვია, კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მზადაა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად „საერთაშორისო წესრიგის დასაცავად“ იმუშაოს.
„ჩინეთი და რუსეთი არიან როგორც მსოფლიოს დიდი სახელმწიფოები, ასევე გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საერთაშორისო საქმეებში. არასტაბილური და ცვალებადი მსოფლიოს პირობებში ჩინეთი მზადაა, საერთაშორისო წესრიგის მტკიცედ დასაცავად რუსეთთან მუშაობა გააგრძელოს“, - აღნიშნულია სი ძინპინის განცხადებაში.
მისი თქმით, რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს საერთაშორისო და რეგიონული საკითხების განხილვას გეგმავს.
„მოუთმენლად ველი ვიზიტის დროს პრეზიდენტ პუტინთან ორმხრივ ურთიერთობებსა და საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებზე სიღრმისეულ განხილვას, რათა შევქმნათ გეგმა ჩინეთ-რუსეთის სტრატეგიული კოორდინაციისა და პრაქტიკული თანამშრომლობისთვის“, - აცხადებს ჩინეთის პრეზიდენტი.
ცნობისათვის, კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის რუსეთში ვიზიტის ფარგლებში, რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტების შეხვედრის ერთ-ერთი თემა უკრაინაში მშვიდობის საკითხი იქნება.