სომხეთმა აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის რატიფიცირება მოახდინა
სომხეთის პარლამენტმა მოახდინა რატიფიცირება კომისიის რეგლამენტის პროექტისა, რომელიც შეეხება აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციას. კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადეს ორივე ოპოზიციური ფრაქციის, “აიასტანის” (სომხეთი) და “პატივი მაქვს” დეპუტატებმა. შედეგად, კომისიის რეგლამენტი მმართველი ძალის დეპუტატების 67 ხმით დამტკიცდა.
რეგლამენტი აწესრიგებს სახელმწიფო საზღვრის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ორ ქვეყანას შორის წარმოშობილ პროცედურულ საკითხებს. ის მოიცავს დელიმიტაციაზე ორგანიზაციულ მუშაობას, შესაბამისი დოკუმენტების მიღებას, სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის აღწერის ოქმების შედგენას, დელიმიტაციის რუკების შედგენას, ასევე, ექსპერტთა ჯგუფების მუშაობას. რეგულაციების საფუძველზე მიღებული დებულებები და დოკუმენტები “ავსებს სამართლებრივ მხარდაჭერას საზღვრის დელიმიტაციაზე სამუშაოების სრული პროგრესისთვის”.
პარლამენტის ოპოზიციურმა ფრაქციებმა განაცხადეს, რომ ხელისუფლების ეს პოლიტიკა ეწინააღმდეგება საერთაშორისო კანონს, კონსტიტუციასა და სომხეთის ეროვნულ ინტერესებს. ისინი მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებაში მყოფი პარტია რეგლამენტის რატიფიცირებით ცდილობს ახალი ტერიტორიების დათმობების გამართლებას. ამის შესახებ, ნათქვამია “აიასტანის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
“ანტიკონსტიტუციური ორგანო, მისი ხელმძღვანელი და კომისიის დამხმარე თანამდებობის პირები რეფერენდუმის გვერდის ავლით ახორციელებენ ტერიტორიულ ცვლილებებს”, – ნათქვამია განცხადებაში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მთავრობის პოლიტიკა განპირობებულია ომის საფრთხით.
“მმართველი ძალა და საკონსტიტუციო სასამართლო უგულებელყოფს ომის საფრთხის ფაქტებს, რომლებიც განპირობებულია ბაქოს ციხეებში სომეხი პატიმრების ყოფნით. ეს ეწინააღმდეგება სომხეთის კონსტიტუციის მე-13 მუხლს, ასევე, 52-53-ე მუხლების დებულებებს. ვენის კონვენცია საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების უფლების შესახებ, სადაც ნათქვამია, რომ ძალის საფრთხის ქვეშ დადებულ შეთანხმებებს არ აქვს იურიდიული ძალა”, – ხაზგასმით აღნიშნეს განცხადების ავტორებმა.
მათ ასევე აღნიშნეს, რომ რეგულაციები ეხება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებას. თუმცა ხელშეკრულების დებულებები, მათი თქმით, არ გამოქვეყნებულა და უცნობია, როდის გამოქვეყნდება.
“რეგლამენტში ასევე ნათქვამია, რომ დელიმიტაცია შესაძლოა განხორციელდეს ისეთი პრინციპით, რომელიც არ არის ცნობილი არც საკონსტიტუციო სასამართლოსთვის და არც პარლამენტისთვის”, – აღნიშნავენ განცხადების ავტორებმა.
მომზადებულია მედიაგამოცემა ,,ნეტგაზეთის" მასალის მიხედვით