ბოლაჯურში 8 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე, ავტომობილის მძღოლს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.
სხდომა ახალციხის რაიონულ სასამართლოში 3 დეკემბერს გაიმართა. მამაკაცს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მე–6 ნაწილით წარედგინა. აღნიშნული მუხლი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მეექვსე მუხლის მიხედვით, ქმედება ჩადენილია არაფხიზელ მდგომარეობაში. ბრალდებული ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
ბრალდებულის ადვოკატი ნუგზარ სამარჯიშვილი “მეცხრე არხთან” აცხადებს, რომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას არ ასაჩივრებენ. შემდეგი სხდომა იანვრის თვეში გაიმართება.
უბედური შემთხვევა ადიგენის სოფელ ბოლაჯურში 1 დეკემბერს მოხდა. გოგონა სკოლიდან სახლში ძმასთან ერთად ბრუნდებოდა, რა დროსაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი ავტომობილით ჯერ ძმას, შემდეგ კი გოგონას დაეჯახა. მცირეწლოვანი ბიჭი მსუბუქად დაშავდა, გოგონა კი ადგილზე გარდაიცვალა.
თიკო კურტანიძე