ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურთან, ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ექვსი კი დაშავდა. თვითმხილველები ამბობენ რომ სატვირთო ავტომობილი თოვლიან გზაზე მოცურდა და სამგზავრო მიკროავტობუსს დაეჯახა.
დაშავებულებს პირველადი დახმარება ადგილზე გაეწიათ, რის შემდეგაც ერთი მათგანი ბორჯომის საავადმყოფოში ხუთი კი ახალციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. დაშავებულების მკურნალი ექიმის თქმით, ერთი პაციენტი ყბის ღია მოტეხილობით თბილისში გადაიყვანეს, სამი მათგანი კი მკურნალობას ადგილზე გადის.
თოვლმა პრობლემები შეუქმნა სატვირთო ავტომობილებს. მძღოლების თქმით, მათ მოცურების საშიშროების გამო, გზებზე გადაადგილება აუკრძალეს. ეგრეთწოდებული „ტრაილერების“ კოლონა ახალციხის შემოსასვლელთან სავარაუდოდ დილამდე დარჩება.
ამინდის გაუარესებამ პრობლემები შეუქმნა ადგილობრივ მოსახლეობასაც, მათი თქმით, გადაადგილებაუჭირთ, როგორც ქვეითებს, ასევე ავტომობილების მძღოლებსაც.
ქალაქში გაწმენდითი სამუშაოები დღის მეორე ნახევარში დაიწყო. ახალციხის მერის თქმით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია გზებზე არსებული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით, შპს ,,ოცხე“ მუშაობს. ვლადიმერ ზედგინიძის განმარტებით, უხვი ნალექის გამო, ძირითადს დამხმარე ტექნიკაც დაემატა.
დიდთოვლობის გამო, ახლციხის სოფლებში გადაადგილების პრობლემა არ შექმნილა – აცხადებენ მუნიციპალიტეტის გამგეობაში. ზაზა მელიქიძის თქმით, შესაბამის ტექნიკა, დილიდანაა მობილიზებული და გზის გაწმენდა სისტემატიურად მიმდინარეობს. ახალციხის გამგებლის განმარტებით, საჭიროების შემთხვევაში მზადყოფნაშია დამატებითი ტექნიკაც.
ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ გზის გაწმენდითი სამუშაოები ნალექის გადაღებისთანავე გაგრძელდება, რის შემდეგაც საავტომობილო გზებზე ტექნიკური მარილი დაიყრება.
ავტორები: ირაკლი ბახტურიძე, ნანა ინასარიძე.