სიახლეები
ხვიჩა გვირჯიშვილს 15 ივნისს საყუნეთში დაკრძალავენ
უკრაინაში, 3 ივნისს დონეცკის ოლქში, ლიმანის ტყეში დაღუპულ ხვიჩა გვირჯიშვილს მშობლიურ საყუნეთში 15 ივნისს დაკრძალავენ. მესხი მებრძოლი რუსი ოკუპანტების დაბომბვას ემსხვერპლა. ხვიჩა ინტერნაციონალური ლეგიონის, მე-2 ბატალიონის მებრძოლი იყო და უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან იბრძოდა.
,,კაცი, რომელმაც ქართველ რაინდებზე წარმოდგენა შეგვიქმნა" - ასე ახასიათებენ უკრაინელები ბრძოლის ველზე დაცემულ ქართველ მებრძოლ ხვიჩა გვირჯიშვილს.
დაღუპული ხვიჩა გვირჯიშვილის პანაშვიდი 13 და 14 ივნისს, თბილისში გაიმართება. მისამართზე: საბურთალო, უნივერსიტეტის ქუჩა #6 (სარიტუალო დარბაზი #1, სართული 2).
15 ივნისს, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე მისთვის პატივის მიგება ახალციხის სოფელ საყუნეთის წმ.გიორგის სახელობის ეკლესიაში იქნება შესაძლებელი.
ხვიჩა გვირჯიშვილის 15 ივნისი 15:00 საათზე ახალციხის სოფელ საყუნეთში დაკრძალავენ.
ბოლო ერთ თვეში უკრაინაში უკვე მეორე ახალციხელი დაიღუპა. ავდეევკის მიმართულებით ახალციხელი ბესო ლომიძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მაისის დასაწყისში გავრცელდა. ბესო ლომიძის ცხედრის გადმოსვენება საქართელოში ამ დრომდე ვერ მოხერხდა.
არსებული ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
გააზიარეთ :