რეგიონი
რა მოხდა ბუჩაში, ჰოსტომელსა და რუსეთის მიერ სხვა ოკუპირებულ ქალაქებში
კიევთან ახლოს მდებარე ბუჩაში შესულმა ჟურნალისტებმა ქუჩებში არაერთი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს, რომელთაც სამოქალაქო ტანსაცმელი ეცვათ – იუწყება BBC. გარდაცვლილთა ნაწილს ხელები ჰქონდა შეკრული. ბუჩაში უკრაინელმა სამხედროებმა კონტროლი 3 აპრილს დაიბრუნეს, მას შემდეგ, რაც რუსმა ჯარისკაცებმა კიევის ოლქი დატოვეს.
მანამდე რამდენიმე კვირის განმავლობაში ეს ქალაქი რუსი სამხედროების ხელში იყო. ქალაქის მერმა ანატოლი ფედორუკმა მედიას უთხრა, რომ გარდაცვლილებს ტყვია უკნიდან აქვთ მოხვედრილი. მისი თქმით, რუსეთის შეჭრის შემდეგ ქალაქში 400 -ზე მეტი მშვიდობიანი, ხელებშეკრული ადამიანია დახვრეტილი.
სხვადასხვა მედიის ინფორმაციით, ნანახია მანქანაში ჩაცხრილული დედა ჩვილთან, შიშველი და გაუპატიურებული ქალები და გოგოები, რომლებიც მოკლულები ყრიან ქუჩებში.
გადარჩენილი ადგილობრივების ცნობით, რუსი ჯარისკაცები უკრაინელ გაქცეულ ბავშვებს ფეხებში ესროდნენ, ერთ ოთახში რუსები ცხოვრობდნენ, მეორეში კი უკრაინელებს აწამებდნენ, შემდეგ ყველანი კედელთან მიაყენეს და დახვრიტეს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევის ოლქში, ბუჩაში სამხედრო დანაშაული რუსეთის 64-ე ცალკეულმა მოტომსროლელმა ბრიგადამ ჩაიდინა. მათივე ინფორმაციით, მოხალისეებმა იპოვეს ბრიგადის მეთაურის მონაცემები. ბრიგადის მეთაურია ვიცე-პოლკოვნიკი აზურბეკ ასანბეკოვიჩ ომურეკოვი.
ბუჩას ტრაგედიამ შეძრა მსოფლიო. კიევის ოლქის ოკუპანტებისგან გათავისუფლების შემდეგ, უკრაინელმა სამხედროებმა აღმოაჩინეს ქუჩებში დახვრეტილი მოსახლეობა, რომლებიც ხელებშეკრული და ნაწამებია. ოფიციალური ინფორმაციით, კიევის მახლობლად მდებარე ქალაქებში 410 ცხედარია ნაპოვნი, თუმცა ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რიცხვი გაიზრდება. ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, ირინა ვენედიქტოვამ განაცხადა.
დაღუპულებს მას შემდეგ მიაგნეს, რაც ქალაქები რუსული ალყისგან და ჯარებისგან გათავისუფლდა. უკრაინელმა პროკურორებმა მხოლოდ კვირას შეძლეს ქალაქ ბუჩაში, ირპენსა და ჰოსტომელში პირველად შესვლა, ისინი ომის დანაშაულებს იკვლევენ. პროკურატურა ამბობს, რომ ზოგიერთი მოწმე იმდენად ტრავმირებულია, რომ არ შეუძლია ლაპარაკი.
ოკუპანტებმა ჩერნიგოვის რაიონის სოფელ იაჰიდნეს სკოლის სარდაფში 150 ადამიანი ტყვედ აიყვანეს და სრულ ანტისანიტარიაში ამყოფებდნენ - ამის შესახებ ინფორმაციას ჩერნიგოვის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვიაჩესლავ ჩაუსი ავრცელებს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, სარდაფში ოკუპანტებს ერთი თვის განმავლობაში ჯამში 300-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდათ ტყვედ აყვანილი. მათი ცნობით, ტყვეები არ გატყდნენ, მათ კედლებზე უკრაინის ჰიმნი დაწერეს. მანამდე ჩერნიგოვის რაიონში, რუსებს ხუთი უკრაინელი 33 დღის განმავლობაში ჰყავდათ ტყვეობაში. ოკუპანტებმა ისინი მძევლად აიყვანეს, შიმშილით სიკვდილითა და დახვრეტით ემუქრებოდნენ და ნულამდე ტემპერატურაზე რკინის კონტეინერში ჩაკეტეს.
ბუჩას მერმა ქალაქის გათავისუფლების შემდეგ განაცხადა, რომ რუსებმა 300 ადამიანი მოკლეს. მისი თქმით, გარდაცვლილები ნახეს მასობრივ საფლავებში, ცხედრების ნაწილი ქუჩებში იყო. ცხედრებს ემჩნევათ ძალადობის კვალი, როგორც ჩანს ოკუპანტებმა მათი ნაწილის დაწვა სცადეს.
ჩერნიჰივის (ჩერნიგოვის) ოლქიდან მათი გასვლის შემდეგ გაირკვა, რომ ადგილზე საფლავებიც განადგურებულია.
რუსეთი უარყოფს ბრალდებებს იმის შესახებ, რომ მისმა ჯარებმა ბუჩასა და სხვა ოლქებში მშვიდობიანი მოქალაქეები დახოცეს. მოსკოვი ამბობს, რომ არცერთ მცხოვრებს არ განუცდია რუსული ძალების მხრიდან ძალადობა და კიევი დაადანაშაულა დასავლური მედიისთვის შექმნილ პროვოკაციაში. კიევის ოლქში მდებარე ქალაქ ბუჩაში სამოქალაქო პირების მკვლელობების ფაქტი მსოფლიოს არაერთმა ლიდერმა დაგმო და რუსეთი ომის დანაშაულების ჩადენაში დაადანაშაულა.
ევროკავშირის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ცოტა ხანში რუსეთს ახალი სანქციები დაუწესდება, ხოლო უკრაინა შეიარაღებას მიიღებს. საქართველოს ოპოზიციურ პარტიათა ნაწილი, 5 აპრილის გლოვის დღედ გამოცხადებას ითხოვს, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ქალაქ ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებებთან, სისასტიკესთან და მშვიდობიან მოქალაქეთა მკვლელობასთან დაკავშირებით.
ოპოზიციას ქართული ოცნებიდან, დეპუტატმა ნინო წილოსანმა უპასუხა. მისი თქმით, "არამხოლოდ დღევანდელი, არამედ ყველა დღე, 24 თებერვლიდან მოყოლებული, არის გლოვის დღე და განსაკუთრებულად ამ დღეზე, ან რომელიმე ინიციატივაზე აპელირება, ან რომელიმე ოპოზიციური პარტიის მხრიდან, მცდელობა, რომ მიისაკუთრონ თითქოს უკრაინის მხარდაჭერა არის უბრალოდ პოპულიზმი“ - აღნიშნა ნინო წილოსანმა ბუჩას ტრაგედიის გამო, ქვეყანაში გლოვის დღის გამოცხადების ინიციატივაზე.
გააზიარეთ :