კანადა ვლადიმერ პუტინს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს
კანადა რუსეთის 1000-მდე მოქალაქეს, მათ შორის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, ქვეყანაში შესვლას უკრძალავს, - ამის შესახებ კანადის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრი, მარკო მენდიცინო „ტვიტერზე“ წერს.
„პუტინის რეჟიმის სასტიკი თავდასხმის ფონზე, კანადა უკრაინის გვერდით დგას და რუსეთს პასუხს ვაგებინებთ მის მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის. სწორედ ამიტომ ჩვენ ახლახან გამოვაცხადეთ, რომ ავუკრძალავთ დაახლოებით 1000 რუსს - მათ შორის პუტინსა და მის თანამზრახველებს - კანადაში შემოსვლას,“- წერს მინისტრი.
მისი თქმით, აღნიშნული პირები კანადის მიერ უკვე სანქცირებულები არიან უკრაინაში შეჭრაში მათი როლის გამო, ამიერიდან კი მათ ქვეყანაში შესვლასაც აუკრძალავენ.