რეგიონი
გაერომ უკრაინაში დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების სტატისტიკა განაახლა
უკრაინაში ომის შედეგად დაღუპულ და დაზარალებულ სამოქალაქო პირებზე ინფორმაციას გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი, ვოლკერ თურქი ავრცელებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: გაეროს მონაცემებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად, დაიღუპა სულ მცირე 8 006 მშვიდობიანი მოქალაქე და დაშავდა 13 287.
- ომის შედეგად, დაიღუპა სულ მცირე 487 და დაშავდა 954 ბავშვი.
- ორგანიზაცია ადასტურებს, რომ მათ მიერ გამოქვეყნებული მონაცემები მხოლოდ აისბერგის მწვერვალია, რეალური ზარალი კი გაცილებით დიდია.
- ომს ჰყავს არაპირდაპირი მსხვერპლიც, საკვებისა და საწვავის მაღალმა ფასებმა მსოფლიო მასშტაბით ყველაზე დაუცველი ადამიანები დააზარალა.
დეტალები: გაეროს ანგარიშის მიხედვით, ომმა ყველაზე მეტად ახალგაზრდები და მოხუცები დააზიანა.
- "ხანდაზმულები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები დიდი გამოწვევების წინაშე დგანან, ზოგიერთ შემთხვევაში ვერ ახერხებენ თავშესაფრებში მისვლას ან სარდაფებში ხანგრძლივი დროის გატარებას მათ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო", — ნათქვამია მიმოხილვაში.
- მოსახლეობისთვის განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა ელექტროენერგიის და წყლის დეფიციტის ფონზე ზამთრის ცივ თვეებში თავის გატანა.
- "თითქმის 18 მილიონ ადამიანს სჭირდება ჰუმანიტარული დახმარება. დაახლოებით 14 მილიონი ადამიანი იძულებით გადაადგილებულია საკუთარი სახლებიდან", — განაცხადა ვოლკერ თურქმა.
მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის დაახლოებით 90,3 % გამოწვეული იყო ფართო არეალის მქონე ასაფეთქებელი იარაღით.
- აფეთქებათა უმეტესობა დასახლებულ პუნქტებში მოხდა.
- ომის მიმდინარეობისას, მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ საკუთარ სახლებში მაშინ, როდესაც ოკუპანტები ცდილობენ დაეკმაყოფილებინათ პირველადი საჭიროებები, როგორიცაა წყლის შეგროვება და საკვების ყიდვა.
- 67 წლის ოლჰა, რომელიც ომის დაწყებიდან მეორე დღეს, საკუთარ სახლთან მდებარე მაღაზიაში რძის საყიდლად გავიდა, სარაკეტო დარტყმას ემსხვერპლა.
- 60 წლის კაცმა, სერჰიმ, უფლებადამცველებს უთხრა, რომ 2 აპრილს შეესწრო საარტილერიო თავდასხმას, რომლის შედეგადაც მისმა 6 წლის შვილიშვილმა ფეხი დაკარგა.
- "ოლჰას და სერჰიის მსგავსი ისტორიები ხაზს უსვამს იმ დამანგრეველ ფასს, რომელიც ფრონტის ხაზის ორივე მხარეს სამოქალაქო პირებმა გადაიხადეს და იხდიან", — აცხადებს თურქი.
ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნას.
- ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ჩადენილი ომის დანაშაულებისთვის რუსეთის ხელმძღვანელობას პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს და ამისთვის სამართლებრივი მექანიზმი უნდა არსებობდეს.
გააზიარეთ :