„უკრაინულ სამხედრო ფორმას იცვამენ“ - რუსეთის მორიგი ტაქტიკა უკრაინის ომში
ბახმუტში მძიმე ბრძოლების მიუხედავად, რუსეთი ვერ აღწევს უცვლელ მიზანს - ალყაში მოაქციოს და დაიმორჩილოს უკრაინული ქალაქი. ზაფხულში ერთი წელი შესრულდება, რაც რუსი სამხედროები და კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ ბახმუტის აღებას ცდილობენ.
უკრაინელი სამხედრო, ანდრეი ბაბიჩევი „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ უყვება, რომ მოწინააღმდეგის ტაქტიკის ნაწილად იქცა, შენიღბვის მიზნით უკრაინული უნიფორმის გამოყენებაც.
„[ქალაქში] შემოდიან 2-3-წევრიან ჯგუფებად, ასე გროვდებიან სახლებში და შემდეგ უკვე - ან გადაცმულები, ან ასევე, როგორც შემოვიდნენ [სამოქალაქო ტანსაცმლით], იწყებენ რაღაც შეტევებს. უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ფორმებს იცვამენ, მაგრამ ჩვენ უკვე ვიცით, როგორ განვსაზღვროთ - ვინ სად არის. ახლა უკვე ზუსტად ვადგენთ ამას. მტერი უბრალოდ კვდება“, - ამბობს ბაბიჩევი.
რუსეთის მიერ დეზინფორმაციის გავრცელების ძირითად მიზნად, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ასახელებს საზოგადოებაში ეჭვების გაჩენას იმის შესახებ - ღირს თუ არა საერთოდ ბახმუტის დაცვა და რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის ეს მიმართულება.
„იმის გათვალისწინებით, თუ რა მასშტაბის საინფორმაციო რესურსსა და ძალისხმევას ხარჯავენ, ჩანს, რომ ამ მიმართულებას სტრატეგიულად სწორედ რუსეთი თვლის. ეჭვების გაჩენას ცდილობენ უკრაინის სამხედრო გადაწყვეტილებებისა და გადაწყვეტილებების მიმღებ პირთა მიმართ. ამ ხაფანგში ჩვენი დემოკრატიული საზოგადოება ყოველთვის ებმება, მაგრამ ომის პირობებში, ჩვენ უბრალოდ ნდობა უნდა გამოვუცხადოთ სამხედროთა გადაწყვეტილებებს. ეს მათი პასუხისმგებლობაა“, - ამბობს მალიარი და ამატებს, რომ ბახმუტის მიმართულებით, რამდენჯერმე უფრო მაღალია მოწინააღმდეგის დანაკარგები.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 158 000 ჯარისკაცია ლიკვიდირებული, მათ შორის, 1010 ბოლო დღე-ღამის განმავლობაში.