უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ოჯახმა მისი გარდაცვალების შესახებ გუშინ საღამოს შეიტყო.
მათი თქმით, 31 წლის ნიკა გელენიძე უკრაინაში 5 სექტემბერს წავიდა.
ახლობლების ინფორმაციით, ის ბახმუტთან იბრძოდა, სადაც დაბომბვის შედეგად დაიღუპა. გელენიძის ცხედარი ცხელი წერტილიდან უკვე გადმოსვენებულია. მას თანამებრძოლები ორშაბათს კიევში, წმ. ვოლოდიმირის ტაძარში გამოემშვიდობებიან და სამშობლოში ამის შემდეგ გადმოასვენებენ.
ნიკა გელენიძე აფხაზეთიდან დევნილია და ოჯახთან ერთად ფოთში ცხოვრობდა. ჯერ უცნობია, როდის მოხდება მისი საქართველოში გადმოსვენება.
„წესიერი და პატიოსანი ბიჭი იყო. ჩემს ხელში გაიზარდა. არ ვიცი, რატომ წავიდა. გუშინ საღამოს გავიგეთ ეს ამბავი. აფეთქება მოხდა და იმ დროს დაიღუპაო. სხვა დეტალები ჩვენთვის უცნობია. მოულოდნელი იყო მისი წასვლა უკრაინაში საბრძოლველად. ეს ბიჭი გმირი იყო და გმირულად შეეწირა რუსეთ-უკრაინის ომს”, - განაცხადა ნიკა გელენიძის ოჯახის ახლობელმა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 50-ზე მეტი ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა. გელენიძე 57-ე ქართველი სამხედროა, რომელიც ოკუპანტებთან ბრძოლას შეეწირა.